საპროტესტო აქციების და პოლიტიკური კრიზისის პარალელურად ლარმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. ეროვნულმა ვალუტამ მორიგი ანტი რეკორდი დაამყარა - ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2 ლარსა და 85 თეთრს უახლოვდება, კომერციულ ბანკებსა და გადამცვლელ ჯიხურებში კი, ის უკვე 2 და 90-ია.
ექსპერტები და ეკონომისტები მთავრობის და ეროვნული ბანკის მხრიდან სასწრაფო რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობენ.
„ვხედავთ ძალიან კარგ კერძო ინიციატივებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც არწმუნებს ყველას, რომ რუსული ტურისტული ემბარგო არ დააზიანებს საქართველოს ეკონომიკას, თუმცა, რა თქმა უნდა, ავტორიტეტული პირების განცხადებები ამ თემასთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია, რომ ამაში ჩაერთოს აუცილებლად მთავრობაც და ეროვნული ბანკიც, რადგან ბაზარზე არის ფაქტობრივად პანიკა, რაც ახლაც ჩანს, უარყოფითი მოლოდინები ამ რუსული ტურისტული ემბარგოს გამო და ვიღაცამ ეს ხალხი უნდა დაამშვიდოს,“- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ.
ეკონომისტი ვასილ რევიშვილი პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს. რევიშვილი პოლიტიკური კრიზისის გარდა, ლარის კრიტიკული ვარდნის ერთ-ერთ ფაქტორად ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებულ ინტერვენციას ასახელებს, როდესაც მთავარმა ბანკმა სავალუტო რეზერვისთვის მსხვილი შესყიდვა განახორციელა.
„ჩვენთან გამომწვევი ფაქტორი შეიძლება ბევრი იყოს. როგორც წესი ეს არის ჩვეულებრივი მცოცავი კურსის შესაბამისად, მოთხოვნა-მიწოდება არეგულირებს ბაზარს. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება, ვთქვათ, დამატებითი უარყოფითი გავლენა უფრო მეტი, ვიდრე, ვთქვათ, მოსალოდნელი იყო, იქონია ეროვნული ბანკის ინტერვენციებმა წლის განმავლობაში, როდესაც დოლარის მნიშვნელოვანი ოდენობის შესყიდვა მოხდა და შემდგომ დაემატა, რა თქმა უნდა, ბოლო დღეების განმავლობაში ეს რუსეთის მიერ გამოცხადებული ემბარგო,“- განაცხადა ფინანსისტმა ვასილ რევიშვილმა.