ლარის რეკორდული გაუფასურება - ეროვნული ვალუტა 4 თეთრით დაეცა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.8791 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8470 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0321 ლარი შეადგინა.
ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, ერთი ევრო 3.2758 ლარი ეღირება, რაც დღეს მოქმედ კურსთან შედარებით, 0.0402 თეთრით მეტია.
გაცილებით მაღალია კურსი კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში. აქ 1 დოლარის ღირებულება 2.90 ლარს აღწევს. ეკონომისტები მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრობენ და პოზიტიურ პროგნოზებს ვერ აკეთებენ. ანალიტიკოსები მოსალოდნელ ფასების ზრდაზეც ამახვილებენ ყურადღებას.
„მოკლე ვადიან მიზეზებზე რაც არ უნდა ვისაუბროთ, რაღაც მოლოდინებზე იქნება ეს, თუ რუსეთიდან შემცირდება ტურისტები, რაც არ უნდა იყოს, მოკლე ვადიან მიზეზებზე ლაპარაკს ამ შემთხვევაში აზრი არ აქვს. მთავრობა ზრდის გადასახადებს იმის მაგივრად, რომ შეამციროს. მთავრობა უფრო მეტ რეგულაციებს იღებს, იმის მაგივრად, რომ შეამციროს. ფინანსური სექტორი არის ის სექტორი, რომლის სიჯანსაღეც, მათ შორის, მოქმედებს ვალუტის კურსზე და რაც უფრო ცუდად არის ეკონომიკა, უფრო ცუდად გვაქვს ვალუტის კურსიც სხვა კურსებთან მიმართებაში. გამოსავალს რაც შეეხება, გამოსავალი არის, რომ მთლიანად უნდა შეიცვალოს ეკონომიკური პოლიტიკა. მოკლევადიანი არანაირი ჯადოსნური ჯოხი არ გვაქვს. ეს ასე გაგრძელდება, თუ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიცვლება და რომც შეიცვალოს, მოკლევადიანი მოგვარების გზა არ არსებობს. საქართველოში მოხმარების უმრავლესობა რადგან არის იმპორტირებული, რა თქმა უნდა, კურსის გაუფასურება უარყოფით გავლენას ახდენს ფასებზეც გრძელვადიან პერიოდში, ანუ დღეს არა, ხვალ გაიზრდება ფასები,“- განაცხადა ფინანსისტმა ზვიად ხორგუაშვილმა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ახალი კურსი ძალაში ხვალიდან შევა.