პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნოდარ რუხაძე ამბობს, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. შეკრებილების მთავარი მოთხოვნა გიორგი გახარიას გადადგომაა. რუხაძე ამბობს, რომ სწორედ გიორგი გახარია იყო ის, ვინც აქციის დარბევის ბრძანება გასცა, სისხლიანი დარბევისას კი ასობით მოქალაქე დაშავდა.
„ყველამ კარგად ვიცით ის რეალობა, რომ პრემიერი ბახტაძე არის ნომინალური ფიგურა, რომლის მიმართაც ყველას გვაქვს, გულწრფელად გეუბნებით, სიბრალული. რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს საკანონმდებლო ბერკეტები იმისა, რომ რეალურად, მოაგვაროს ის პრობლემა, დააკმაყოფილოს ის მოთხოვნა, რისთვისაც დღეს ჩვენ აქ ვდგავართ მერვე დღეა, ის ამას არა თუ არ, უბრალოდ ვერ გააკეთებს, რადგან ის არაფერს არ წარმოადგენს,“ - განაცხადა ნოდარ რუხაძემ.
ნოდარ რუხაძე ამბობს, რომ მმართველი პარტია შეცდომის აღიარებას არ აპირებს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით, დღეს დაახლოებით 10-ის ნახევრიდან, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ აქციის მონაწილეები მსვლელობას დაიწყებენ.
„როგორც იცით, დღეს მსვლელობით მივდივართ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს რეზიდენციასთან... ეს არის სიმბოლური აქტი, რადგან ჩვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილს სძინავს და იმ ხმაურით, რომელსაც ჩვენ გამოვიწვევთ მის შუშის სასახლესთან, ვეცდებით, რომ ეს ადამიანი რომელიც აბსოლუტურად არის მოკლებული არსებულ რეალობას, მშვიდობიანი ხერხით., გავაღვიძოთ, გამოვაფხიზლოთ და შევასმინოთ მას საზოგადოებრივი მოთხოვნა“ - განაცხადა ნოდარ რუხაძემ.