ენგურის ხიდი ჩაკეტილია - ადგილობრივმა მოსახლეობა „კურიერს“ მიაწოდა კადრები და ვიდეომასალა, სადაც ენგურზე შექმნილი ვითარებაა ასახული. მოსახლეობა საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვს.
ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსვლას საქართველოს მოქალაქეები ვერ ახერხებენ. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ისე ჩაკეტა ე.წ. საზღვარი, რომ მოსახლეობა არ გააფრთხილა. დილიდან მხოლოდ 2-მა ადამიანმა შეძლო ხიდზე გადმოსვლა. ისინი დიალიზზე არიან და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მისცეს ამის უფლება. იქ ისევ რჩებიან ადამიანები, რომლებიც ასევე სამკურნალოდ აპირებდნენ გადმოსვლას.
"საქართველოს მთავრობას ვთხოვთ, დაგვეხმაროს და გააკეთოს რამე," - აცხადებენ მოქალაქეები.
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი დღეს დილით ცალმხრივად ჩაკეტა. მიზეზად 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენები და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში გამართული საპროტესტო აქციები სახელდება, რომლებიც ოკუპირებული სოხუმის მთავრობის შეფასებით პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.
ამ დროისთვის უცნობია, როდის აპირებს საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის გახსნას. წინასწარი ინფორმაციით, შეზღუდვა 10 დღის განმავლობაში იქნება ძალაში.