20 ივნისის დროს დაზარალებულებმა შესაძლოა, ევროსასამართლოს მიმართონ. რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დარბევისას დაშავებულები "შაბათის კურიერთან" მომხდარს იხსენებენ. 23 წლის ქრისტინე მაღლაკელიძე დაჭრილ ფეხზე საფენებს საკუთარი ხელით იცვლის. 20 ივნისის აქციაზე სპეცრაზმმა რაკეტისებრი ტყვია ესროლა, ფეხი ამ დრომდე სტკივა და არც ჭრილობა შეხორცებია. ექიმთან ვერ მიდის, ფული არ აქვს. სახელმწიფომ მხოლოდ პირველადი დახმარება დაუფინანსა. ახლა ერთ გადახვევაში, მინიმუმ, 25 ლარს სთხოვენ, ამიტომ სახლში თვითმკურნალობას ეწევა.
როდესაც ნარინჯისფერი ტყვია მოხვდა და ძლიერი ტკივილის გამო ძირს დაეცა, ეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა, ვეღარ ნახავდა 6 თვის შვილს, რომელიც სახლში დატოვა და ვერც 7 წლის ალექსანდრას, რომელიც დედამ მძინარე დატოვა.
"ბინტის ერთი გადახვევა 25 ლარი მიჯდება, მე და სხვა დაზარალებულსაც, თუ ღვთისნიერი ექიმი არ შეხვდა ვინმე. რომ დავეცი, მეგონა, რომ მოვრჩი, ძალიან მძიმეა ეგ მომენტები, რომ რისთვის. მე მართლა გადარჩენილი ვარ, აბა 18 წლის მაკომ რა თქვას,“- ამბობს მაღლაკელიძე.
ისტორიკოსი, ირაკლი ხვადაგიანიც სპეცდანიშნულების რაზმის სამიზნე გახდა. აქციიდან უკან ბრუნდებოდა, როდესაც მეცნიერებათა აკადემიასთან ფარიანი და ჩაფხუტიანი პოლიციელები სასტიკად გაუსწორდნენ. ხელკეტებით ნაცემი ორივე ძმა გისოსებს მიღმა წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა, სადაც ორივე მათგანის ტრამვა მხოლოდ აღრიცხეს.
civil.ge-ის ფოტოგრაფმა ზუსტად იცის, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სპეცრაზმელმა მიზანში ამოიღო და 11 ტყვია ესროლა. გურამ მურადოვს ზუსტად არ ახსოვს, რა დისტანციაზე იმყოფებოდა საპოლიციო ძალასთან, მაგრამ დარწმუნებულია, დამიზნებით იმიტომ ესროლეს, რომ ჟურნალისტი იყო. გურამ მურადოვმა მკურნალობა საკუთარი ხარჯებით დაიწყო, პირველადი კვლევაც თავად დააფინანსა.
20 ივნისის ღამეს გელა ჭიღლაძე რუსთაველის გამზირზე შვილის საძებნელად წავიდა. აფხაზეთის ომის მონაწილე რამდენიმე საათის განმავლობაში დაჭრილებს ეხმარებოდა და რეზინის ორი ტყვია ისე მოხვდა, რომ ვერც გაიგო. ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა ფიქრის გორაზე, დევნის დასასრულს ხელკეტები ურტყეს. გელა ჭიღლაძე თავისი საქმის წაღებას პროკურატურაში აპირებს და საქმის აღძვრას 144-ე პრიმა მუხლით მოითხოვს.
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიაში“ ამბობენ, რომ 20 ივნისის სისხლიან ღამეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები დაირღვა. არასამთავრობო ორგანიზაცია ყველა დაშავებულს მოუწოდებს, პროკურატურაში იჩივლოს და დავა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლით დაიწყოს. სამოქალაქო სექტორი, თუ ხელისუფლება საქმეს არ გამოძიებს, ევროპულ სასამართლოში იჩივლებს. „ემპათიაში“ მიიჩნევენ, რომ ყველა გზა მაინც სტრასბურგამდე მივა, რადგან ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, დასაჯოს ის ადამიანები, ვინც მომიტინგეები დაარბია.
დარბევიდან მე-10 დღესაც არ არსებობს იმ ადამიანების სტატისტიკა, რომლებიც 20 ივნისის ღამეს გამო დაშავდნენ. ათეულობით მათგანი ამ დრომდე არც სამედიცინო ექსპერტიზაზე ყოფილა და არც გამოკითხვაზე. დანაშაულის დაფარვის გამო კი პოლიცია დაშავებულებს სახლში უვარდება, ახლობლების სამსახურიდან გაგდებით ემუქრება და გაჩუმებას აიძულებს.