17 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
 "გახარია წადი" - პარლამენტის წინ შიმშილობა გრძელდება  

რუსთაველის გამზირზე, კვირაზე მეტია შიმშილობენ ახალგაზრდები. აქციის მონაწილეები ღამეს პარლამენტის წინ გაშლილ კარვებში ათენებენ. პროტესტის უკიდურეს ფორმას აქციის 5 -მა მონაწილემ მიმართა.

მოშიმშილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ, ვიდრე არ შესრულდება ერთადერთი მოთხოვნა. ისინი პასუხისმგებლობას 20 ივნისის ღამეზე გიორგი გახარიას აკისრებენ და გადადგომას ითხოვენ.

„თავს ვგრძნობ ენერგიულად, შეძლებისდგვარად მხნედ. თვითონ ფორმა პროტესტის, მოითხოვს პრინციპულობას, ჩვენ ვართ ბოლომდე ერთგული იმ მოთხოვნების, რა მოთხოვნებიც გვქონდა და არ ვაპირებთ შევწყვიტოთ ეს უკიდურესი ფორმა პროტესტის, მანამ სანამ თანამდებობას არ დატოვებს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი ახირება, ეს არის საქართველოში ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დამკვიდრებისთვის უმნიშვნელოვანესი აქტი,“ - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

გახარიას გადადგომისკენ მოუწოდებს ადვოკატი ბექა ბასილაია, რომელიც პარლამენტის წინ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და ღამეს კარავში ათენებს. 

„ფინიში არის, რომ გახარია უნდა გადადგეს. რაც სწრაფად გადადგება მით უკეთესი იქნება მისთვის, ის უკვე ძალიან უახლოვდება ასლან აბაშიძის ბედს. ვერანაირი მისი პატრონი, მფარველი რუსული „გრუ“ თუ სხვა სპეცსამსახურები ვერ დაიცავენ და ეს წამზომი, რომელიც უკვე ჩაირთო და წამზომი, რომელსაც ქართველი ხალხი მოუთმენლად აკვირდება, საბოლოო ჯამში ისე შეიძლება გახარიას მიმართ შემოტრიალდეს, რომ თავბედი გაუხდეს საწყევლი,“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

დღის ამბები