20 ივნისის სისხლიანი ღამე და ათობით დაშავებული - ვინ არიან ის ადამიანები, ვინც აქციაზე მივიდნენ და რუსული ოკუპაციისთვის გამოთქმული პროტესტის გამო მისივე ხელისუფლებისგან ცრემლსადენი გაზი და ტყვიები მიიღეს. აქციის მონაწილეების დიდმა ნაწილმა, რომლებიც 20 ივნისს დაშავდნენ, გავრილოვის ვიზიტის შესახებ ტელევიზიით გაიგო. ნახა კადრები, რომელიც გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ზის. ამის შემდეგ თბილისში მყოფები მთავარ გამზირზე მივიდნენ, რაიონში მყოფები კი დედაქალაქში ჩამოვიდნენ და რუსთაველზე მყოფებს შეუერთდნენ.
მათ შორის იყო ომარ სეხნიაშვილი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში გაიზარდა. ის აქციის დარბევის დროს დაზარალდა. ამბობს, რომ ძალიან გაბრაზებული იყო და თბილისში, აქციაზე ამიტომ ჩამოვიდა. კიბეზე დაგორებული ბიჭის კადრი ამ დღეებში მთელმა ქვეყანამ ნახა. აქციაზე პირველი ტყვია სწორედ ომარს მოხვდა.
"რუსთავი 2"-ის კამერამ 20 ივნისის ღამეს უკვე დაჭრილი დავით ფარადაშვილი დააფიქსირა. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ კარგავს წონასწორობას დაჭრილი ფლორისტი. როგორც მედიასთან საუბრისას ექიმები აცხადებენ, დავით ფარადაშვილი კომატოზური მდგომარეობიდან გამოვიდა, მაგრამ ამ წუთებშიც მძიმედ არის.
საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლო 18 წლის მაკო გომური გახდა, რომელმაც თვალი დაკარგა.
თბილისში რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს. ამჟამად სამკურნალოდ საზღვარგარეთ მყოფმა მაკომ P.S. განუცხადა, რომ მისი თვალის აღდგენა ვერ მოხერხდება.
"მხედველობის აღდგენის იმედი ამ ეტაპზე არ გვაქვს, რადგან მოხდა თვალის მთლიანად ამოღება, თუმცა ჩავსვამთ იმპლანტს, ჩემ თვალის საზღაური ის იქნება, რომ რამე შეიცვლება
ერთი თვალის გარეშე ცხოვრებას ავიტან უსამართლობა იყო, ძალიან დიდი უსამართლობა
და ახლაც უსამართლობაა ბევრი რამ, თუნდაც ამდენი ჩემი თანატოლი ან თუნდაც დიდი დგას გარეთ და მათ არ აქცევს არავინ ყურადღებას და ერთად თუ დავდგებით, მერე კარგად იქნება ყველაფერი იმდენად დიდი ძალა გაგვაჩნია ჩვენ, არცერთ მმართველს არასდროს ექნება და ბევრი რამე შეგვიძლია ერთი თვალითაც,"-აცხადებს მაკო გომური.
საზღვარგარეთ იმყოფება "რუსთავი 2" ის დაცვის თანამშრომელიც. გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგა, ცემის შედეგად მან სახის ძვლის მოტეხილობა მიიღო.