17 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
ენგურის გახსნის მომლოდინე ასობით აბიტურიენტი - საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის შესაძლებლობას არ აძლევს 

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დასწრებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი აბიტურიენტები ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ჩაკეტილია ენგურის ხიდი და მის გახსნას ასობით ადამიანი ელოდება.

ენგურის ხიდზე გადმოსვლა ამ დროისთვის მხოლოდ სპეციალური საშვებით არის შესაძლებელი. საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. გამშვებ პუნქტზე მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებს ატარებს.

„ჩვენ გადმოვდივართ, როგორც თანამშრომლები ენგურჰესის, გვაქვს საშვები სპეციალური. სხვა ვინც დგას, იმათზე ვერ გეტყვით ვერაფერს. სტუდენტები არიან მე მგონი, იმიტომ, რომ ახალგაზრდები არიან“, - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები. 

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ. უწყება მოუწოდებს ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ აბიტურიენტებს, ეროვნულ გამოცდებში იმ მომენტიდან ჩაერთონ, რა დროსაც ხიდის გადმოლახვას მოახერხებენ.

„ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვის გამო მოგეხსენებათ, რომ აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას შეექმნა პრობლემა. შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, მათ მიეცეთ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა, მოვუწოდებთ აბიტურიენტებს, როგორც კი შესაძლებლობა ექნებათ შემდგომ ჩაერთნენ გამოცდებში. დავაკვირდებით პროცესს და საბოლოო ჯამში მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ და რა სქემით ვუზრუნველყოფთ მათთვის განათლების ხელმისაწვდომობას,“-ამბობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს 11 ქალაქსა და 23 საგამოცდო ცენტრში დილის 9:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. აბიტურიენტების განცხადებით, გამოცდა საშუალო სირთულის იყო და იმედი აქვთ, რომ სტუდენტები გახდებიან.

„არც ისე რთული იყო გამოცდა, მე სწრაფად დავწერე, შეცდომების ფურცელიც არ მიხმარია. ძალიან მეჩქარებოდა და სწრაფად გამოვედი. ბავშვი მყავს დატოვებული მეგობართან და მერე სამსახურში უნდა წავიდე. დედა ჯერ კიდევ წერს გამოცდას, შიგნით არის“, - განაცხადა აბიტურიენტმა, შოთა გამრელიშვილმა.

აბიტურიენტების ნაწილი გამოცდის ყველაზე რთულ ნაწილად არგუმენტირებულ ესე-ს ასახელებს.

„ყველაზე ძნელი ჩემი აზრით იყო, მხატვრული აზრის გამოტანა ლექსიდან. ლექსი შემხვდა გალაკტიონ ტაბიძის მთაწმინდის მთვარე, დანარჩენი საკმაოდ მარტივი იყო ტექსტის რედაქტირება და არგუმენტირებული ესე, რომელშიც ან უნდა უარყო ან დაეთანხმო მოსაზრებას.  ესე იყო უარყავი ან დაეთანხმე მოსაზრებას, რომ მასობრივი ინფორმაციის წყაროები, როგორც თქვენ, ზეგავლენას ახდენთ საზოგადოების აზრსა და განწყობაზე“, - განაცხადა აბიტურიენტმა გიორგი თოთლაძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

დღის ამბები