შინაგან საქმეთა სამინისტრო "რუსთავი2"-ის ეთერში გასულ უმძიმეს კადრებს ეხმაურება. საუბარია კადრებზე, სადაც ჩანს, რომ აქციის ერთერთ მონაწილეს სამართალდამცველები ავტოფარეხის სახურავზე აკავებენ, მას სცემენ და მეორე სართულიდან აგდებენ.
უწყებაში ამბობენ, რომ კადრებში ასახული აქციის ერთ-ერთი მონაწილე სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, რის გამოც ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
"ერთ-ერთი მედიასაშუალებით დღეს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გვსურს განვმარტოთ, რომ კადრებში ასახულია აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მოქალაქე ნ.რ.-ს დაკავების ეპიზოდი. კადრებში ნათლად ჩანს, რომ ავტოფარეხის სახურავზე მყოფი, მოქალაქე ნ.რ. არ ემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც ხდება მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება, რა დროსაც რამდენიმე სამართალდამცველი მას ავტოფარეხის სახურავიდან ქვემოთ მდგომ პოლიციელებს გადასცემს. აღსანიშნავია, რომ მოქალაქე ნ.რ., რომლის დაკავების კადრებსაც მედია საშუალება ავრცელებს, აქტიურ მონაწილეობას იღებდა მელიქიშვილის გამზირზე განხორციელებულ ვანდალიზმის აქტებში, მათ შორის მანქანის მტვრევის ეპიზოდშიც, რომელიც წინა დღეებში ფართოთ იქნა გაშუქებული სხვადასხვა მედიის მიერ. დაკავებული აქციის მონაწილე ნ.რ.-მ, მოგვიანებით სასამართლო დარბაზში აღიარა ჩადენილი ადმინისტრაციული გადაცდომა და საჯარო ბოდიში მოიხადა. სასამართლომ მას 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა,"-აცხადებენ შს სამინისტროში.
შეგახსენებთ, კადრები "კურიერს" ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა და ის ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე, 20 ივნისის დარბევის ღამეს არის გადაღებული.