გავრილოვის სისხლიანი ღამის სასტიკი გაგრძელება. გახარიას უწყების თანამშრომლებმა, მშვიდობიან მომიტინგეებზე, რომლებიც რუსთაველის გამზირიდან ტყვიებს გამოექცნენ ქალაქის ქუჩებში დაიწყეს ნადირობა. მძიმე კადრებში, რომლებიც თვითმხილველმა კურიერს მიაწოდა ჩანს როგორ უსწორდება 10-მდე ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირი ახალგაზრდა დემონსტრანტს, დაუნდობლად ურტყამს და ავტოფარეხის სახურავიდან აგდებს. კადრები 21 ივნისს დილას ნიკოლაძის ქუჩაზეა გადაღებული. კადრებში ასევე ჩანს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს სახურავიდან ჩამოგდების შემდეგაც ფიზიკურად უსწორდებიან.
თვითმხილველები ყვებიან, რომ გამთენიისას სამართალდამცველებმა სადამსჯელო ოპერაციები ქუჩებსა და ეზოებში დაიწყეს. თვითმხილველების დიდი ნაწილი კამერების წინ ლაპარაკს ერიდება.
ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს, რა ხდებოდა ფიქრის გორაზე, პოლიციის შურისძიების ეშინიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, ადგილობრივების მიერ გადაღებულ კადრებთან დაკავშირებით, მხოლოდ განცხადებით შემოიფარგლა. ოფიციალურ განმარტებაში, ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა ავტოფარეხის სახურავიდან ქვევით ჩააგდეს, აღწერილია, როგორც ავტოფარეხის სახურავიდან ქვემოთ მდგარი პოლიციელებისთვის დაკავებულის გადაცემა. ცემაზე კი განცხადებაში საერთოდ არაფერია ნათქვამი.