17 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
უწყვეტი პროტესტი გრძელდება - შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მოქალაქეები 14 დღეა პარლამენტთან იკრიბებიან

ორკვირიანი უწყვეტი პროტესტი გრძელდება. დედაქალაქის მთავარ გამზირზე მე-14 დღეა, საქართველოს მოქალაქეები ერთი მოთხოვნით იკრიბებიან. გადადგეს მინისტრი, რომელმაც ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს შეიარაღებული სპეცრაზმი დაუპირისპირა და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა.

უკვე ორი კვირაა სხვადასხვა აქტივობების პარალელურად, დღის ბოლოს აქციის მონაწილეები დედაქალაქის ცენტრში იკრიბებიან. დღეს პარლამენტის წინ მდებარე სახელდახელო სცენა რიგით მოქალაქეებს დაეთმო, რომლებსაც ბევრი აქვთ სათქმელი ხელისუფლებისთვის. მათი ძირითადი გზავნილი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნაა.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ არ დაიშლებიან, მანამ სანამ გიორგი გახარია არ დატოვებს დაკავებულ თანამდებობას. მათ ხვალ რუსთაველის გამზირზე გრანდიოზული კონცერტი დაანონსეს. ასევე თქვეს, რომ შაბათს მასშტაბური მარში გაიმართება.

„შემდეგი კვირიდან, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება ამდენ დროს გვახარჯინებს იმაში, რომ გააკეთონ ის, რაც წესით უნდა გააკეთონ, შემდეგი კვირიდან ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ეს დრო ბევრად უფრო პროდუქტიულად გამოვიყენოთ და გვექნება ლექციები, გვექნება ჩვენებები და ბევრი საინტერესო რამ ელოდება ყველა აქ მოსულ ადამიანს“ - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, მარიამ გეგუჩაძემ.

 

 

დღის ამბები