სანამ გახარია არ წავა, ჩვენ აქედან არ წავალთ! - ამის შესახებ მიშა მშვილდაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა. ამ წუთებში პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ უცვლელია - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია.
მიშა მშვილდაძის თქმით, ხელისუფლება რეალობას აცდენილია. მისი განცხადებით, სანამ გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს, პროტესტი არ შეწყდება.
„ახალციხის მერიამ გამოაცხადა ტენდერი ნაძვის ხის შეძენაზე, 6 თვით ადრე ყიდულობენ ნაძვის ხეს საახალწლოდ, დაინტერესდა ხალხი და თქვეს, რომ ახლა სეზონი რომ არ არისო, უფრო იაფიაო და ხალხის ფულს ვზოგავთო. რას ვერ ხვდებიან, იცით? ხალხის რომელ ფულს ზოგავენ, ამ თვეში, დღესვე, წამლის ფულს რომ ელოდება. ჰგონიათ, რომ თუ ერთი არხი აჩვენებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, რომ მართლა ყველაფერი კარგადაა, არ იქნება ასე, ხელისუფლებავ,“ - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.
მიშა მშვილდაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი მშვიდობიანად გაგრძელდეს. მისი თქმით, საზოგადოებას აღარ უნდა არავითარი ძალადობა და კომბლები. მშვილდაძის განცხადებით, მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში ხელი არ უნდა შეეშალოს.
„ჩვენ გადავდივართ ბრძოლის ფუნქციონალურ ნაწილზე. ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურ დისკომფორტში გვყავდეს ადამიანები, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ამ ქვეყანაში თეორიული ფუნდამენტი, ამავდროულად, პრეცედენტული და იურიდიული ფუნდამენტური ჩავდოთ იმს, რომ აღარასოდეს პოლიციამ ძალას არ გადაამეტოს,“ - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.
აქციის ორგანიზატორის თქმით, Facebook-ზე მიმდინარეობს ტროლების ბინძური კამპანია და აქციის მონაწილეებზე ცრუ ინფორმაციის გავრცელება ხდება.
"ერთ-ერთი ყველაზე ბინძური რამე, რაც საქართველოში ახლა მიმდინარეობს, არის Facebook ტროლებისა და ბოტების კამპანია, უბრალოდ იმდენად ბინძური და ამაზრზენია, ტყუილი ნიუსებით როცა ცდილობენ გაშავებას ადამიანების, ცდილობენ რაღაც ილუზიის შექმნას, თითქოს, უმრავლესობა ასე ფიქრობს, ეს ხომ დემოკრატიის ძირეული, პრინციპული საკითხის გაყალბებაში ჩარევაა, ეს ხომ ანგრევს, ფუნდამენტს უთხრის ასეთი რაღაცების არსებობა იმ მონაპოვარს, რომელიც ამ აქციების შედეგად გვაქვს,“ - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი საქართველოში დარეგულირდეს, რადგან ეს პრობლემა ისეთ მახინჯ ფორმებს იღებს, რომ "სამშობლოს გვართმევენ. მან პარლამენტის შენობიდან მიმდინარე აქციიდან მარკ ცუკერბერგს ინგლისურად მიმართა.