პოლიციის განსაკუთრებული სისასტიკე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ და 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების პირველი სამართლებრივი შეფასება სამოქალაქო სექტორისგან - როგორც "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში" აცხადებენ, მხოლოდ საჯარო სივრცეში არსებული მონაცემების გაანალიზებითაც კი უშუალოდ იკვეთება შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხიმგებლობის საკითხი.
28 გვერდიან დოკუმენტში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ აქციის დარბევა ხდებოდა გამორჩეული სისასტიკით, ხოლო რეზინის სასიკვდილო ტყვიებს პოლიცია დამიზნებით ესროდა იმ დემონსტრანტებს, რომლებიც სამართალდამცველებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.
„მნიშვნელოვანია დადგეს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. მასშტაბურ დარღვევას ჰქონდა ადგილი. მათ შორის იმის გათვალისწინებით რომ პოლიციას არ ჰქონდა კონკრეტული მოქმედების გეგმა და სტრატეგია შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და ასევე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც. პოლიციის თანამშრომლებმა გარკვეულწილად არ დაიცვეს კანონით დადგენილი მოთხოვნები. მაგალითად, კინეტიკური სიმძლავრის ჭურვებს, ე.წ. რეზინის ტყვიებზე შემიძლია გითხრათ რომ არსებობს ასეთი სტანდარტი, რომ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ხდება მისი გამოყენება, როდესაც პირდაპირი საფრთხე ექმნება პოლიციის თანამშრომლებს.
არ შეიძლება ზოგადად ესე გაურკვეველი მისამართით ამ ტყვიების გამოყენება. პირველადი შეფასების ფონზე, გარკვეულ შემთხვევებში არ არსებობდა საჭიროება,“-განაცხადა "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" სისხლის სამართლის ადვოკატმა ქეთი ჩუთლაშვილმა.