თუ კი რიგითმა პოლიციელებმა თვითონ მიიღეს გადაწყვეტილება და დაიწყეს ხალხის ცემა-ტყეპა, მაშინ უფრო დიდი პრობლემა გვქონია - ასე ეხმაურება ეკა გიგაური მმართველი გუნდის მცდელობას, რომ 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა მთლიანად რიგით პოლიციელებს დააკისროს.
„ქართული ოცნების“ ყველა წევრი ერთხმად იმეორებს, რომ აქციაზე ზოგიერთი სამართალდამცავი თვითნებურად მოქმედებდა, სწორედ ამიტომ მომხდარში გიორგი გახარიას ბრალეულობას ვერ ხედავენ.
„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ პოლიციამ დავალება მიიღოს შს მინისტრისგან და ბრძანების შესაბამისად იმოქმედა, ამიტომ რიგით სამართალდამცავებზე მომხდარის გადაბრალება "ქართულ ოცნებას" არ გამოუვა.
„დღეს ყველაზე მთავარი არის, რომ სახელმწიფომ გააანალიზოს ის რაც მოხდა იმ ღამეს და დააყენოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, რომელმაც გამოიწვია ამდენი ადამიანის დაზიანება. ჯოხის გადატეხვა მათ უნდათ რიგით პოლიციელებზე რაც არის არასწორი. იმიტომ, რომ რიგითი პოლიციელები თავისით ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ მიიღებდნენ. და თუ კი ისინი ამას იღებდნენ მაშინ უფრო დიდი პრობლემის წინაშე ვმდგარვართ ჩვენ ამ ქვეყანაში, თუ კი შეიძლება დავუშვათ, რომ მთლიანად პოლიციურმა დანაყოფმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება და დაიწყოს ხალხის ცემა -ტყეპა. ამიტომ მე მგონია, რომ ამას ადგილი ნამდვილად არ ჰქონია. მე მგონია, რომ მათ მიიღეს დავალება და ზუსტად ამიტომ აკეთებდნენ ამ ყველაფერს,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.