17 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
ერთ-ერთი პირველი მიზეზი ჩემი აქ დგომის არის - არა დაუნდობლობას! - თამრიკო ჭოხონელიძე რუსთაველზე იმყოფება 

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია-კონცერტს მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე უერთდება. ანტიოკუპაციური აქცია, სადაც უკვე 15 დღეა, აქციის მონაწილეები სისხლიანი დარბევის გამო შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ, რამდენიმე წუთში დაიწყება. 

„საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის,“ - ამ სიმღერით წარდგება მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე მაყურებლის წინაშე.

თამრიკო ჭოხონელიძე ანრისაოკუპაციო აქციაზე შვილთან და შვილიშვილთან ერთად იმღერებს. 

„მინდა, რომ ჩემმა შვილიშვილებმა სცენიდან გადახედონ ამ დიდ აუდიტორიას, რომელიც ერთი სულისკვეთებით არიან გაერთიანებული, ეს არის თავისი ქვეყნის სიყვარული და დაცვა და კიდევ ერთხელ დასვან კითხვა და უპასუხონ, რომ არ არის სხვა საქართველო, არსად არ არის სხვა საქართველო ისეთი, როგორიც გვაქვს ჩვენ და ამ საქართველოს სჭირდება დაცვა, სჭირდება პატრონი და მოყვარული,“ - განაცხადა ჭოხონელიძემ.

თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას პირველივე დღიდან უცხადებს სოლიდარობას. 

"მე ისეთი რაღაცები ვნახე, რომ ეს არის საშინელება და ერთ-ერთი პირველი მიზეზი იმისა, რატომ ვდგავარ მე აქ, ეს არის არა დაუნდობლობას, იმიტომ, რომ ჩვენ შიგნით ისეთი დაპირისპირებები, ზიზღი გამოვავლინეთ ბევრი რამის მიმართ, თუ სხვა აზრი არსებობს ე.ი. მტერი ხარ," - განაცხადა ჭოხონელიძემ.

ჭოხონელიძე ხელისუფლების მიერ 20-21 ივნისის მოვლენების გამო დაწყებულ გამოძიებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას პარლამენტის წინ შეკრებილები არ ცდილობდნენ.

„მე ვიდექი იქ და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მქონდა, არა ოკუპაციისთვის ვიდექი მე იქ და უტიფარი ოკუპანტისთვის, რომელმაც ისეთი რაღაც ჩაიდინა რომ ჩაგვაფურთხა სულში და მგონია, რომ ნორმალურად მოაზროვნე ქართველი უნდა დამდგარიყო იქ,“ - ამბობს ჭოხონელიძე.

მუსიკოსები ამბობენ, რომ აუცილებელია ნებისმიერი მოქალაქე იდგეს იმ ხალხის გვერდით, რომელსაც სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა. ასევე აუცილებელია ქვეყნის თავისუფლების დაცვა და ოკუპანტი რუსეთის ქმედებების გაპროტესტება. 

ანტიოკუპაციურ აქციას რუსთაველზე, 20-მდე მომღერალი და მუსიკალური ჯგუფი უერთდება. მუსიკოსები აქცია-კონცერტს პარლამენტის შენობის წინ აქცია “სირცხვილიას“ ფარგლებში გამართავენ. საპროტესტო გამოსვლები ქალაქის ცენტრში უკვე ორ კვირაზე მეტია უწყვეტად მიმდინარეობს. უცვლელია მოთხოვნა - გადადგეს გიორგი გახარია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები