ქობულეთის მუნციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. სოფელში წყალი რამდენიმე დღის ინტერვალით მოდის, და ისიც არასაკმარისი რაოდენობით. მოსახლეობას სასმელი წყალი კვირის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ მიეწოდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაზიანებული მილების გამოცვლას და ჭაბურღილების რეაბილიტაციას, ადგილობრივი ხელისუფლება დიდი ხნის წინ დაპირდა, თუმცა წყალი მოსახლეობამდე ჯერ არ მისულა.
მუხაისტატეს მცხოვრებლები ამბობენ, რომ უწყლოობამ პრობლემა შეუქმნა სოფლის მეურნეობის კულტურებს.
ქობულეთის სოფლის წყლის დირექტორი არსებულ ვითარებას ადასტურებს და ამბობს, რომ წყლის ნაკლებობა მხოლოდ მაღალ ტემპერატურასთანაა დაკავშირებული. მისივე თქმით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ჭაბურღილების რეაბილიტაცია ახლო მომავალში დაიწყება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ქობულეთის წყალში ვერ ასახელებენ.
ადგილობრივ ხელისუფლებას თანხის არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებს ოპოზიცია.
სოფელ მუხაისტატეს მოსახლეობას ცხელ ზაფხულთან გამკლავება უწყლოდ უწევს, ადგილობრივები პრობლემის დროულ მოგვარებას ითხოვენ.
ავტორი: სოფო ჭულუხაძე, ჟანა აკოფაშვილი