პუტინის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, რომელიც საქართველოსთან ავიამიმოსვლას კრძალავს, ქვეყანაში მინიმუმ ერთი მილიონი რუსი ტურისტი ჩამოსვლას ვერ შეძლებს. მიმდინარე წელს ტურიზმის ეროვნული სააგენტო საქართველოში მილიონ შვიდასი ათასი რუსი ტურისტის შემოსვლას ელოდებოდა, თუმცა მათგან ქვეყანაში მოგზაურობა მხოლოდ 700 ათასმა მოასწრო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნული სანქციებით ქვეყანამ ტურისტულ სეზონზე ორი მილიარდი ლარი იზარალა.
„სამწუხარო რეალობა დღეს გვაქვს ის, რომ აღნიშნული სანქციიდან გამომდინარე ჩვენი ტურიზმის სექტორი დადგა საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ წლის ბოლოს, 2019 წლის ბოლოს ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ საქართველოში შემოვიდოდა მილიონ შვიდასი ათასამდე რუსეთის მოქალაქე როგორც ტურისტი. პირველი ექვსი თვის განმავლობაში საქართველოში უკვე შემოვიდა 700 ათასამდე რუსეთის მოქალაქე და შესაბამისად, დღეს ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ გვაქვს ერთი მილიონი ტურისტი, რომელიც ეკონომიკურად ითარგმნება, როგორც ორი მილიარდი ლარი ჩვენს ეკონომიკაში,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროში კი ამბობენ, რომ უწყება იმ სეგმენტს სწავლობს, რომელსაც აღნიშნული სანქციები ყველაზე მეტად დააწვება. მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ უწყება მცირე ბიზნესს დახმარებას გაუწევს.
„შევისწავლეთ რა გასაჭირი უდგას მცირე სასტუმროებს, საოჯახო სასტუმროებს, ეს არის ყველაზე სეგმენტი, რომელიც დარტყმის ქვეშ დგება, აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივიღოთ მონაწილეობა საბანკო სესხების პროცენტის თანადაფინანსებაში. ჩვენი საკრედიტო-საგარანტიო სქემა მთლიანად გადაერთვება ასევე ტურიზმის ინდუსტრიაზე და სასტუმრო ბიზნესზე, რათა ახალი განვითარების პროექტები, გაფართოების პროექტები არ გაჩერდეს,“- განაცხადა ნათია თურნავამ.