რუსთაველის გამზირზე ერთმანეთის პარალელური აქციები ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ვერ ახერხებენ პარლამენტის წინ იმ ადგილის დაკავებას, სადაც 18 დღე იდგნენ. იქ "ქართული მარშისა" და ლევან ვასაძის მხარდამჭერები იმყოფებიან.
როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მარიამ გეგუჩაძე ამბობს, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები არ აპირებენ აქციების შეწყვეტას. მისი თქმით, პარლამენტთან მათი აქციის მონაწილეთა ნაწილი დგას. მარიამ გეგუჩაძე არ გამორიცხავს, რომ პარალელურ აქციებზე პროვოკაციები და დაპირისპირება მოხდეს.
„ველოდებით პროვოკაციებს, სამი საათიდან ჩვენ გვქონდა იქ დაკავებული ადგილი, მოდიოდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, რომ ესენი არიან ნარკომანები, ფხიზლები არ არიან. ხელისუფლებამ გვითხრა თავიდანვე, რომ ჩვენს უსაფრთხოებაზე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რაც ნიშნავს, რომ მათ იციან რომ იქნება პროვოკაცია და თავს იზღვევენ. როგორც ჩანს გახარია ბიძინა ივანიშვილისთვის არის იმაზე მნიშვნელოვანი კადრი და ალბათ ასეც არის. გიორგი გახარია არის პირდაპირი კადრი რუსეთის, ფაქტია ის სკამით და ძალაუფლებით მოიწამლა და უღირს ამად. არ ვაპირებთ, რომ შევშინდეთ დღეს, რაც მთავარია შიგნით დგანან ჩვენი მეგობრები, ჩვენ მათ არ დავტოვებთ. ეს არის ჩვენი მე-19 დღე და პროტესტს არ შევწყვეტთ,“-ამბობს მარიამ გეგუჩაძე.