ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე რთული ვითარებაა. ერთმანეთის პირისპირ ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციის მონაწილეები და ლევან ვასაძის მეთაურობით სახალხო ლეგიონის წევრები დგანან. პროტესტის მე-19-ე დღეს ტერიტორია, სადაც საქართველოს მოსახლეობა რუსულ ოკუპაციას აპროტესტებს და სასტიკი დარბევის ბრძანების გამცემი გახარიას გადადგომას მოითხოვს, ლევან ვასაძემ და მისმა თანამოაზრეებმა დაიკავეს და პარლამენტთან მიახლოვების საშუალებას არ აძლევენ. მიმდებარე ტერიტორია პოლიციას ყვითელი ავტობუსებით აქვს ჩახერგილი. დაპირისპირებულ მხარეებს შორის უკვე მოხდა ფიზიკური და რამდენიმე სიტყვიერი დაპირისპირება.
რამდენიმე წუთის წინ, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები დააკავეს, დაკავებულებს შორის ერთ-ერთი დავით ბერძენიშვილის შვილი, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზუკა ბერძენიშვილია. ბერძენიშვილი ამბობს, რომ ლევან ვასაძის ლეგიონის რუსთაველზე დგომა ხელისუფლების მიზანიმართული პროვოკაციაა. მისი თქმით, ეს აქტივისტები მას აგონებს იმ რაზმებს, რომელიც 2003 წელს ედურად შევარდნაძეს ასლან აბაშიძემ დაახმარა.
„ზუკა რამდენიმე მეგობართან ერთად იყო აქციაზე, თავის რამდენიმე მეგობართან ერთად. პოლიციას დაუკავებია, კადრები არსებობსო. პოლიცია ამბობს, არ დაგვიკავებიაო. გასაგებია, რომ ეს მარში, რომელიც თითქოს ლგბტ პრაიდის საწინააღმდეგოდ მობილიზდნენ სინამდვილეში გადმოამისამართეს, ესენი ასრულებენ ხელისუფლების მოთხოვნას და ეს არის პირდაპირ სახელისუფლებლო ექსტრემისტული ჯგუფი. მე მახსოვს, შევარდნაძეს აბაშიძემ რომ გამოუგზავნა ასეთი რაზმები, ასე იდგნენ ყვითელი ავტობუსების უკან და ვინ როგორ დაამთავრა ესეც ვიცით,“-განაცხადა დავითბერძენიშვილმა.