ხელისუფლებამ "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ სრული მობილიზება გამოაცხადა. არხის ოფისთან დაგეგმილი რადიკალური პროტესტის პარალელურად, სოციალურ ქსელში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური კამპანია დაიწყო. თუმცა სასწავლებლების თვითმმართველობების ინიციატივა მალევე ჩაიშალა, რადგან საპროტესტო განცხადებებს თავად სტუდენტები გაემიჯნენ. ახალგაზრდების ნაწილი ღიად აცხადებს, რომ სტუდენტურმა თვითმმართველობამ ხელისუფლების სასარგებლოდ, მათი პოლიტიკურ თამაშში ჩართვა სცადა. "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ გზავნილი, იდენტური ტექსტით გუშინ გვიან ღამით სამმა უმაღლესმა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სოხუმის უნივერსიტეტმა და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობებმა ერთდროულად გაავრცელეს.
განცხადებებით, რომლებიც ერთმანეთისგან წერტილ-მძიმითაც კი არ განსხვავდებოდა, სტუდენტებს "რუსთავი 2"-ის შენობასთან მობილიზაციისკენ მოუწოდეს, თუმცა მოწოდების გამოქვეყნებიდან მალევე, განცხადება სამივე უნივერსიტეტის გვერდიდან ერთდროულად გაქრა. გეგმები თვითმმართველობებს სტუდენტების მწვავე რეაქციამ შეაცვლევინა.
მოდით დავიწყოთ ბოდიშით - ასე მიმართა დღეს თსუ-ს თვითმმართველობამ განაწყენებულ სტუდენტებს. ბოდიშის განცხადებაში კი განმარტებულია, რომ მათ კომპიუტერს მეზობლის გავრილოვმა გადაურბინა. თვითმმართველობის პრეზიდენტის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ სტუდენტური პროტესტის დაგეგმვა მისი პირადი ინიციატივა იყო.
სამი უნივერსიტეტის განცხადებას გუშინვე საჯაროდ გაემიჯნა ილიას უნივერსიტეტის თვითმმართველობა.
"რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანია გააუქმეს სოხუმის და კავკასიის უნივერსიტეტებმაც. ორივე უნივერსიტეტის ადმინისტრაცია თვითმმართველობები ინიციატივას გაემიჯნა, თუმცა ოფიციალური განმარტება დღეს არცერთ უმაღლეს სასწავლებელს არ გაუკეთებია.