საარჩევნო რეფორმირების სამუშაო ჯგუფის გასვლითი სხდომის მეორე დღე - განხილვის თემა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების რეკომენდაციები, ასევე პარტიების დაფინანსება და საარჩევნო რეკლამაა.
შეხვედრის პირველი დღის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ დააფიქსირა, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ელექტორალური ბარიერის დაწესებას და ეს დამოკიდებულება არ შეიცვლება. განხილვის თემად რჩება ბლოკების შენარჩუნება.
„არასწორი ფორმულით არის პარტიების დაფინანსების წესი და ეს ფორმულა მთლიანად უნდა შეიცვალოს. ჩვენც გვაქვს ჩვენი წინადადებები ამასტან დაკავშირებით, თუმცა ჯერ მოვისმენთ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და ჩვენი პარტნიორების პოზიციებს. უფასო საეთერო დროს რაც შეეხება აქ დაგვჭირდება გარკვეული ზღვრის გადასინჯვა,“-ამბობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.
საკუთარი რეკომენდაციები აქვს „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარეს კახა კუკავას. ის მედიისთვის რეგულაციების დაწესებას ითხოვს.
„დაწესდეს ფინანსების ხარჯვის ლიმიტი. ასევე დაწესდეს რეგულაციები ტელევიზიებისთვის, რომ ყველა კვალიფიციურ სუბიექტს მათ დაუთმონ თანაბრად საეთერო დრო,“-ამბობს კუკავა.
შეხვედრაში, რომელიც კახეთში მიმდინარეობს პოლიტიკოსებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც არიან ჩართული.
„ამომრჩევლის მხრიდან ნების თავისუფალი გამოვლენა რა თქმა უნდა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი. ვხედავთ, რომ საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე მობილიზებული ადამიანთა ჯგუფი,რომლებიც აღრიცხავენ ამომრჩეველს. რა თქმა უნდა ეს არის პრობლემა,“-ამბობს საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე.