ანტიდასავლური პროპაგანდა საქართველოში სულ უფრო ძლიერდება - მედიის განვითარების ფონდმა საქართველოში მოქმედი 18 სხვადასხვა მედია საშუალების საქმიანობა შეისწავლა.
ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაძლიერდა ანტი დასავლური რიტორიკა და მასშტაბური სახე მიიღო პროპაგანდისტული მიზნებით ცრუ ინფორმაციის გამოყენებამ.
„წინა წლების მსგავსად ქართულენოვანი ტაბლოიდური მედიები არიან ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო. ერთ-ერთ შემთხვევაში გამოვლინდა, რომ სახელმწიფო უწყებებიდან, ჯანდაცვის სამინისტროდან, მინისტრ სერგეენკოს პირადი მიმოწერის გაჟონვას ჰქონდა ადგილი. ბულგარელმა ჟურნალისტმა, რომელიც დაკავშირებულია კრემლისტურ გამოცემებთან, პირდაპირ რუსეთის თავდაცვის არხთან „ზვეზდასთან“, მან გამოაქვეყნა მინისტრ სერგეენკოს მიმოწერა, რომელიც უკავშირდებოდა ლუგარის ლაბორატორიას. რაც აჩვენებს, რომ ამ პროცესს აქვს საკმაოდ ორგანიზებული სახე“, - განაცხადა მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ კინწურაშვილმა.
მედის განვითარების ფონდის შეფასებით, იქმნება ახალი ონლაინ პლატფორმები, რომლებიც ხელს უწყობენ ანტიდასავლურ გზავნილებს და დეზინფორმაციის გავრცელებას. ხელისუფლება კი დაგვიანებით რეაგირებს ასეთ საკითხებზე და არ ახდენს საზოგადოების სათანადოდ ინფორმირებულობას.
რუსული პროპაგანდის საფრთხეებზე საუბრობენ საქართველოს ატლანტიკურ საბჭოშიც. ექსპერტების შეფასებით, საინფორმაციო ომი საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა მიმართული.
„მნიშვნელოვანია, რომ იყოს სტრუქტურირებული სტრატეგია, როგორ უნდა დაუპირისპირდეს სახელმწიფო ამას და სამწუხაროა, ხშირ შემთხვევაში, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი პირდაპირ იმეორებს კრემლის ნარატივებს“,- განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე, დავით სიხარულიძემ.
რუსულ საინფორმაციო ომთან გამკლავების გზებზე ამახვილებს ყურადღებას ბათუ ქუთელია. ქუთელია ამბობს, რომ ხელისუფლება ამ კუთხით სრულად უმოქმედოა.
„ძირითადად რუსულ პროპაგანდასთან გამკლავება უფრო უწევთ სამოქალაქო აქტივისტებს და სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენი პარტნიორები, დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ, მაგრამ სახელმწიფოს გასაკეთებელ საქმეს, ბუნებრივია ეს სეგმენტი ვერ გააკეთებს. ამიტომაც ვხედავთ უკვე ნელ-ნელა ეროზიას, სადაც იმატებს რუსული პროპაგანდის გზავნილები, იმატებს მათი გავრცელება რეგიონების მიხედვით და აქ კიდევ უფრო დიდი პრობლემა გვაქვს იმიტომ, რომ ღარიბ, ეკონომიკურად მოწყვლად რეგიონებში კიდევ უფრო კარგად მუშაობს რუსული პროპაგანდა“, - აცხადებს ბათუ ქუთელია.
ხელისუფლების როლზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს რეფორმების ასოციაციის ხელმძღვანელი, პაატა გაფრინდაშვილიც. მისი განცხადებით, საზოგადოებასთან ერთად ფუნდამენტური მნიშვნელობა სწორედ ხელისუფლების მოქმედებებს ეკისრება.
მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაში ანტი დასავლური ინფორმაციის გამავრცელებელ მედიასაშუალებებში დასახელდა „საქართველო და მსოფლიო“, „საქინფორმი“, „ობიექტივი“, „ალია“, „მაესტრო“ და „ასავალ-დასავალი“. პოლიტიკური სუბიექტებიდან კი „პატრიოტთა ალიანსი“, „ნონო ბურჯანაძე-გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, „ქართული დასი“ და სხვა პატარა პარტიები გამოირჩევიან.
კვლევის შედეგების მიხედვით, 2016 წელთან შედარებით, ანტი დასავლური პროპაგანდა 4-ჯერ არის გაზრდილი.