3 კვირა გავრილოვის სისხლიანი ღამიდან და 21 დღიანი პროტესტი - გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით ზუსტად ერთ საათში, რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდები ისევ შეიკრიბებიან.
ისინი შეახსენებენ ხელისუფლებას, რომ სირცხვილია, როცა შინაგან საქმეთა მინისტრის სავარძელში გავრილოვის ღამის ავტორი და შემსრულებელი ზის. რუსთაველის გამზირზე დღეს ფოტოგამოფენა მოეწყობა. ფოტოები, რომელიც 20 ივნისის ღამის სისხლიან დარბევას ასახავს სპეციალურად გავლებულ ეკლიან მავთულხლართებზე გამოიფინება.
გამოფენის პარალელურად პარლამენტის წინ დამონტაჟებულ ეკრანზე კადრები გავა.
„ჩვენი მიზანი იყო აქ მოსული ხალხისთვის გვეჩვენებინა, როგორი იყო ფოტო კამერებიდან დანახული 20 ივნისის და არამხოლოდ 20 ივნისი, ჩვენ ვაჩვენებთ ყველა იმ დარბევას,სადაც იყო ძალის გადამეტება. გვინდა ვაჩვენოთ მსოფლიოს რომ ჩვენ ვებრძვით ძალადობას, ვიბრძვით სისტემის წინააღმდეგ“-ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი.
როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, გამოფენისთვის 2000 ფოტო მიიღეს, საიდანაც 500 შეარჩიეს.
გამოფენის დასრულების შემდეგ აქციის ორგანიზატორები, მავთულხლართებს საკუთარი ხელით მოშლიან. მათი მიზანია ოკუპირებული რეგიონებიდანაც გაქრეს ეს ბარიერები. აქციის ორგანიზატორი ამბობს, რომ გიორგი გახარიას ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობა აღარ აქვს. მაქარაშვილის განცხადებით, გახარია "პოლიტიკური მძორია".
"შეინარჩუნონ გახარია, კი ბატონო, პოლიტიკური კრიზისი ოცნებას კიდევ უფრო გაუღრმავდება, ამით უფრო სწრაფად დამთავრდება ქართული ოცნება,"-ამბობს მაქარაშვილი.
აქცია, რომ მოთხოვნის შესრულებამდე გაგრძელდება, ამაზე საუბრობს აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი ნოდარ რუხაძეც.
"ჩვენ შევასრულებთ ჩვენს პირობას და საკუთარ თავს არ მივცემთ დანებების საშუალებას. გიორგი გახარია უნდა წავიდეს. ვდგავართ რუსთაველზე, ვამაგრებთ სცენას და ყოველდღე ვთავაზობთ განრისხებულ მოქალაქეებს მშვიდობიანი პროტესტის ახალ სახეს,"- ამბობს რუხაძე.
აქცია ტრადიციულად 19:00 საათზე დაიწყება. გამოფენის გარდა, იქნება სიტყვით გამოსვლებიც.