რამდენიმე საათში ბათუმში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება, სახელწოდებით "საქართველოს ევროპული გზა." მასში მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი. დონალდ ტუსკი უკვე ბათუმშია. ის ერთ-ერთია მაღალი დონის დელეგაციის წევრებს შორის, რომლებიც კონფერენციას დაესწრებიან. ბათუმში იმყოფებიან ასევე პოლონეთის, შვედეთის, სომხეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, ასევე საქართველოს მთავრობის წევრები. რიგით მე-16 ფორუმი წელს "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს ეძღვნება. შეხვედრაზე ევროპული ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით სამომავლო ნაბიჯებზე ისაუბრებენ. საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად ბათუმში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ფორუმიც გაიმართება.
"აღმოსავლეთ პარტნიორობა შეიძლება ჩაითვალოს რომ არის წარმატებული ინიციატივა, წარმატებული პროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ათი წლის განმავლობაში საქართველომ მართლა ძალიან ბევრი სარგებელი ნახა და წარმატებას მიაღწია, მათ რიგებშია ბუნებრივია ასოცირების შეთანხმების გაფორმება. წარმატებით ვიყენებთ ამ ინსტრუმენტს, ამ ფორმატის იმისათვის რომ შევამციროთ დისტანცია და მაქსიმალურად ინტეგრაცია მოვახდინოთ ევროკავშირთან,"-აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი.
შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი კი ამბობს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ შვედეთია და საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა.
"შვედეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ინიციატორია, შესაბამისად ჩვენთვის ეს პროგრამა ბევრს ნიშნავს, ჩვენ გვჯერა ამ მისი პოტენციალის. საქართველო არის ძალზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. გარდა ამისა საქართველოს არის შვედეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი ორმხრივ ურთიერთობების საკითხებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შვედეთი ასევე სხვადასხვა გზით ეხმარება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესშიც,"-აცხადებს შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი.