ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა" ოფიციალურად გაიხსნა. მასში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მონაწილეობს. ის ერთ-ერთია იმ მაღალი დონის დელეგაციის წევრებს შორის, რომლებიც კონფერენციას დაესწრებიან. საუბრის თემაა აღმოსავლეთ პარტიორობის 10 წლის იუბილე.
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, კონფერენციის მონაწილეები ისაუბრებენ სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე. მისი განცხადებით, საბოლოო მიზანი არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.
„საქართველო, რომელიც ყველას მხრიდან აღიარებულია, როგორც ლიდერი ქვეყანა, როგორც წამყვანი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, ენერგოთანამეგობრობაში გაერთიანება, სხვადასხვა ფორმატის დაფუძნება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის იქნა შემოღებული, უსაფრთხოების დიალოგი, სწორედ ეს არის ის მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, მაგრამ ასევე ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე. ჩვენ გვაქს ხედვა, საითკენ უნდა წავიდეთ, როგორ უნდა მოვამზადოთ ფუნქციურად ქვეყანა საბოლოო მიზნისთვის, საბოლოო მიზანი არის მკაფიოდ გაცხადებული - ეს არის ევროკავშირში წევრობა,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.