17 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები უზენაესი სასმართლოს დაკომპლექტების პროცესის შეჩერებას ითხოვენ

პროცესი არის დაზიანებული და ძალიან დიდი საქმე არის გაფუჭებული - იუსტიიციის საბჭოს არამოსამართლე  წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი პროცესის შეჩერებას ითხოვენ. ამის მიზეზად ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი სერიოზულ პროცედურულ დარღვევებს და ნეპოტიზმს ასახელებენ.

ანა დოლიძე პროცესში არსებულ ჩუმ გარიგებებსა და შეთანხმებებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ ყველაფერში კარგად ნაცნობი მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის ხელი ურევია.

„13-დან 10 ბიულეტენი შემოხაზული იყო ერთნაირი სქემითა და დამთხვევების ძალიან მარალი ხარისხით. ანუ, სახალხო დამცველმა აღნიშნა ამ ბიულეტენის შესწავლის შედეგად, რომ სულ მცირე ათ ბიულეტენში, ანუ ათმა ადამიანმა, რაც ძალიან ემთხვევა იმ მაფიოზურ შემადგენლობას, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა და ჩაცემენტდა იუსტიციის საბჭოში, ათმა ადამიანმა ერთნაირი სქემით შემოხაზა კანდიდატები. გარიგებები არა თუ სასამართლო სფეროში,  ფეხბურთის სფეროშიც ისჯება, თუმცა ზიანი, რად უნდა ლაპარაკი, უდავოდ უფრო დიდია, როდესაც მსგავს გარიგებებს, ჩუმ შეთანხმებებს, რაც არის მაფიოზური ხელწერა, ადგილი აქვს იმ სფეროში, რომლითაც განისაზღვრება ჩვენი ქვეყნის სამართლიანი, თუ უსამართლო მომავალი,“- განაცხადა დოლიძემ.

ნაზი ჯანეზაშვილი ყურადღებას პროცესში არსებულ ნეპოტიზმზე ამახვილებს. მისი განცხადებით,  დაუშვებელია კონსტიტუციურ ორგანოში მსგავსი რამ ხდებოდეს და საბჭოს წევრები კენჭს თავისივე ნათესავებს უყრიდნენ.  

„ეს დარღვევები უკავშირდება კონკრეტული ჩინჩალაძის მაფიის ინტერესებს. პირველ რიგში, თქვენ იცით, რომ კონკურსში მონაწილეობენ ჩვენი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების, თამარ ონიანისა და ირაკლი შენგელიას ოჯახის წევრები, ნათესავები. ანუ, ერთ შემთხვევაში ეს არის ცოლის ძმა, მეორე შემთხვევაში ეს არის - მაზლი. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება კონსტიტუციურ ორგანოში ხდებოდეს ასეთი რამ, რომ საბჭოს წევრები არჩევანს აკეთებდნენ, კენჭის ყრაში მონაწილეობას ღებულობდნენ იმ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც არის მათი ნათესავი. პროცესი არის დაზიანებული და ძალიან დიდი საქმე არის გაფუჭებული. მოვითხოვთ, რომ პროცესი შეწყდეს და გამოცხადდეს კონკურსი თავიდან,"- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

დღის ამბები