ბათუმში, ვაჟა- ფშაველას ბიუსტს თვალზე წითელი სახვევი გაუკეთეს. ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი მოქალაქეების იმ ნაწილმა, რომლებიც ანტისაოკუპაციო აქციას უკვე 22 დღეა მართავენ.
ვაშა-ფშაველას ბიუსტს წითელი სახვევი მას შემდეგ გაუკეთეს, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ფორუმზე მყოფმა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, სიტყვის გამოსვლისას ვაჟა-ფშაველას ციტირება მოახდინა.
მათ ევროსაბჭოს პრეზიდენტს განცხადებითაც მიმართეს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ადგას ევროპულ გზას.
„ბატონო ტუსკი,
- საქართველოს მთავრობა არ ადგას ევროპულ გზას!
- ის სამ კვირაზე მეტია, უგულვებელყოფს მოქალაქეთა სამართლიან მოთხოვნას შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაზე!
- ის ესვრის მშვიდობიან დემონსტრანტებს რეზინის ტყვიებს, ასახიჩრებს ახალგაზრდებს და სამუდამოდ ცვლის მათ ცხოვრებას!
- საქართველოს მთავრობას არაფერი აქვს საერთო ვაჟა-ფშაველასთან, შოთა რუსთაველთან, სხვა ქართველ, პოლონელ, ფრანგ, გერმანელ მწერლებთან, განმანათლებლებთან!
- საქართველოს მთავრობას არ ესმის საკუთარი მოქალაქეების!
გახარია უნდა გადადგეს!,“-წერენ აქცია პერფომანსის ორგანიზატორები.