„კურიერის“ ინფორმაციით, გიორგი გახარია მტკიცებულებებს ანადგურებს. შლის კადრებს, სადაც ჩანს როგორ ძალადობდნენ პოლიციელები აქციის მონაწილეებზე. აქრობენ ყველა იმ ვიდეოს, რომელიც შესაძლოა, სპეცრაზმელების და პოლიციელებისთვის ბრალის წარდგენის საფუძველი გახდეს. ამ დრომდე არც ერთი პოლიციელი და სპეცრაზმელი არ დაუკავებიათ. სანდო წყარო პროკურატურიდან „კურიერს“ უყვება, რომ გამქრალია და ჯერ არსად ჩანს ვიდეოსათვალთვალო კამერის ეს ჩანაწერები.
"კურიერი" დაინტერესდა, ამოიღო თუ არა რუსთაველის და კოსტავას გამზირებზე მდებარე კომერციული ობიექტიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. რესპოდენტები აცხადებენ, რომ 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ მათ ოფისში სამართალდამცველები მივიდნენ და სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დაინტერესდნენ. უცნობია, რა მტკიცებულებები ჩანდა ფირზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამოიღეს.
პოლიციამ ყველა ჩანაწერი არ ამოიღო, ნაწილს უყურა და თქვა, რომ არ სჭირდებოდათ, მიუხედავად იმისა, რომ კამერები კოსტავას ქუჩაზე დგას და პირდაპირ უყურებს ტერიტორიას, სადაც დარბევის შემდეგ გაქცეულ ადამიანებს სპეცრაზმელები აკავებდნენ.
სანდო წყარო „კურიერს“ უყვება, რომ შსს-ის გენერალური პროკურატურისთვის კამერების ჩანაწერები ჯერ არ გადაუცია. ამ კამერების ნაწილის მთავარი სერვერი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური მართვის სამსახურშია, ნაწილი კი საქართველოს პარლამენტში. სწორედ ამ ჩანაწერებით უნდა დადგინდეს სპეცრაზმელების მიერ უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტები.
ყოფილ მთავრ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას ეჭვი აქვს, რომ გიორგი გახარიამ ვიდეომტკიცებულებები გააქრო, რათა არ დადასტურდეს სპეცრაზმელების სასტიკი მოპყრობის ფაქტები. მისი თქმით, სათვალთვალო კამერის ჩანაწერები შესაძლებელს ხდის, გამოძიებამ სრული სურათი აღიდგინოს.
პარლამენტის წინ მდებარე მოედანი დარბევის მთავარი ადგილი იყო. აქ, დაახლოებით, 15-მდე ვიდეოთვალია დამონტაჟებული, რომელიც წესით, ყველა წერტილს აკონტროლებს. ვერსია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პროკურატურისთვის ამ კამერების ჩანაწერები არ გადაუცია, „კურიერმა“ ადვოკატებთან გადაამოწმა. ნიკა მელიას ინტერესების დამცველმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერის საქმეში მხოლოდ ტელევიზიების და შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატორის გადაღებული მასალა დევს.
ბესიკ თამლიანიც, თითქმის, ერთი თვეა, რაც ცდილობს, რომ დაამტკიცოს, როგორ უკანონოდ და უსაფუძვლოდ დააკავეს 20 ივნისის აქციის დარბევის დროს. ისევე როგორც სხვა საქმეებშიც, მის წინააღმდეგაც მხოლოდ სხვადასხვა მედიასაშუალების კადრები დევს.
უწყვეტი კადრებით უნდა დადგინდეს, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც პარლამენტის შიდა ეზოში იყვნენ და ტერიტორია გამთენიისას, დაახლოებით, 4 საათისთვის დატოვეს. „კურიერს“ უწყვეტი კადრები მომხმარებელმა მიაწოდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება სადარბაზოში გადაღებული ასევე უწყვეტი კადრებია, სადაც სპეცრაზმელები, სავარაუდოდ, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს დაედევნენ.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარია კადრების მოპარვით ისევ საკუთარი თანამშრომლების დანაშაულის დაფარვას ცდილობს. ამ ვერსიას კი ამყარებს ის გარემოება, რომ გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა არავინ დასაჯა.
შინაგან საქმეთა მინისტრი კი ისევ ირწმუნება, რომ ყველას წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულება აქვს, რასაც მალე გაასაჯაროვებს. გიორგი გახარიამ მათ შორის აღნიშნა 4 კამერის ჩანაწერიც.