პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა შიმშილი შეწყვიტეს. მათი საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება გახდა. საავადმყოფოში გადაყვანამდე პარლამენტის წინ კარვებში მოშიმშილეები შეუძლოდ გახდნენ და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
ბექა ბასილაიამ, რომელიც 19 დღე შიმშილობდა, აღნიშნა, რომ ხვალ პარლამენტთან აქციის მონაწილეების რიგებს ისევ შეუერთდება.
„დღეს მე-19 დღეა. თავიდანვე პოზიცია ისეთი მქონდა, რომ ვიდრე ფიზიკური შესაძლებლობები იქნებოდა, რომ შიმშილობა არ შემეწყვიტა, მაგრამ შაქრის ანალიზი, წნევა და ა.შ., ცუდი მაჩვენებლებია და იძახიან, რომ გადასაყვანი ვარ. დაველოდები რაღაც პერიოდს, კიდევ ერთხელ გავესინჯები და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას," - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ბექა ბასიალიასთან ერთად შიმშილობა შეწყვიტა კიდევ ერთმა ქციის მონაწილემ, რომელიც პარლამენტის შენობასთან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავდა. შიმშილობის შეწყვეტის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.
დღეს პროტესტის 24-ე დღეა. აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. შს მინისტრის თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნა დღის წესრიგში 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ დადგა, რადგან გიორგი გახარიამ პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეები ძალის გამოყენებით დაშალა.
მანამდე კი, მოქალაქეები რუსი დეპუტატების თბილისში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლას აპროტესტებდნენ. ისინი პარლამენტის შენობის წინ მივიდნენ და ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს, თუმცა, აქციის პირველ დღეს მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
აქცია კი შს მინისტრმა ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, მათ შორის, ნარინჯისფერის და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. გახარიას თქმით, ქვეყანაში ამბოხი იგეგმებოდა.