argadadge.ge - შს მინისტრის მხარდამჭერი ვებგვერდი შეიქმნა. დიდი ნაწილი, ვინც კამპანიაში „არ გადადგე“ ჩაერთო - საჯარო მოხელეა. ერთ-ერთ პირველი 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ, გახარიას მხარდამჭერების სიას მომღერალი თემურ თათარაშვილი შეუერთდა.
მომღერალი თათარაშვილი „კურიერის“ გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესიული იყო და ჟურნალისტის კითხვებისგან გაქცევა რამდენჯერმე სცადა. თათარაშვილი „კურიერის“ კითხვებისგან გასაქცევად ჯერ ოთახში ჩაიკეტა, შემდეგ კი დასახმარებლად ძაღლი მურა გამოიძახეს.
"მე მომწონს გახარია იმიტომ, რომ კაცი არის და ყვ...ებიანია," - ამბობს თათარაშვილი.
ინტერვიუს დროს თემურ თათარაშვილმა იმის ახსნა სცადა, რატომ იყო განსაკუთრებით აგრესიული „რუსთავი 2-ის" მიმართ. თქვა, რომ როდესაც ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით დააკავეს, მაშინ მისი მდგომაროებით ციხეში „კურიერი“ არ დაინტერესებულა. თუმცა, პატიმრობის დროს „კურიერი“ მასთან ციხეში შევიდა, ინტერვიუც ჩაწერა და დაკავების ოპერაციის დეტალებიც გაიხსენა.
ბიძინა ივანიშვილის ბოლო იმედი ახლა მის გარშემო შეკრებილი ინტელიგენციაა. ნინელი ჭანკვეტაძე 2012 წელს სოფელ-სოფელ დადიოდა „ოცნებისთვის“ მხარდამჭერების მობილიზების მიზნით.
ნინელი ჭანკვეტაძე „კურიერის“ მხრიდან გახარიას გვარის ხსენებისთანავე გაბრაზდა და კულტურის სამინისტროდან გადამღები ჯგუფის გაგდება მოითხოვა, შემდეგ გადამღებ ჯგუფს შეურაცხყოფა მიაყენა, ყველაფერს აკეთებდა, რომ მთავარ კითხვაზე პასუხი არ გაეცა. ნინელი ჭანკვეტაძემ 7-ჯერ დასმული კითხვა აიცილა და გახარიას კრიტიკას 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების მიუხედავად, მაინც მოერიდა.
ნინელი ჭანკვეტაძის მეგობარი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში გახარიას პიონერი მცველია. ქეთი დოლიძემ „კურიერს“ სატელეფონო ინტერვიუში უთხრა, რომ რუსთაველზე, ვინც დგას, მოსახლეობის 1 პროცენტია, ამიტომ მათ ხელოვანებს უნდა დაუჯერონ, ვინც ფიქრობს, რომ გახარია საუკეთესო მინისტრია.
90-იანების თბილისური ელიტა ახლა ბიძინა ივანიშვილისთვის ხელოვნური სუნთქვასავით არის. ხელისუფლების დამცველთა მოწინავეთა რიგებში ეკა ჭიჭინაძეა. ის მსახიობ სოფიკო ჭიაურელის რძალი და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის, ნიკუშა შენგელაიას მეუღლე. მათ „კურიერის“ გადამღები ჯგუფი სახლიდან გამოაგდეს.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დიდი ნაწილი სოციალურ ქსელში იბრძვის გახარიას დასაცავად, თუმცა ერიდება კონტაქტს ჟურნალისტებთან.
ავტორი: ია გულიაშვილი.