25-ე დღეა პროტესტი რუსთაველის გამზირზე გრძელდება. აქციის მონაწილეები დღეს ისევ შეიკრიბებიან პარლამენტის წინ და ისევ უცვლელ მოთხოვნას დააყენებენ.
აქციის ორგანიზატორების თქმით, დღეს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა და აქცია-პერფორმანსით შინაგან საქმეთა მინისტრს კვლავ გადადგომისკენ მოუწოდებენ.
„აქ საკუთარ დახლებს გამოიტანენ ახლგაზრდა სტარტაფები, ახალგაზრდა ბიზნესმენები და ძირითადი ხაზი, რომელსაც მივყვებით, არის ანტისაოკუპაციო მესიჯი. ხვალ ძირითადად, გაიყიდება პუტინის რუსეთის წინააღმდეგ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები,“ - აცხადებს ნოდარ რუხაძე.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ანტისაოკუპაციო პროტესტი იქამდე არ შეწყდება, ვიდრე შს მინისტრი თანამდებობას არ დატოვებს.
„ეს პროტესტი იქნება მუდმივად, ვიდრე საბოლოო მიზანს არ მივაღწევთ და არ გადაგდება გავრილოვის ღამის ორგანიზატორი, გიორგი გახარია. დღეს არის 24:0, არაუშავს, ჩვენ მოთმინება გვაქვს, 30 დღეც მოვითმენთ, 40 დღეც მოვითმენთ და კიდევ მოვითმენთ, თუ საჭირო გახდება. ჩვენ ძალიან ჯიუტები ვართ, იმაზე ჯიუტები, ვიდრე ხელისუფლებას ჰგონია. ეს დღეების ამბავია, გახარიას მოუწევს გადადგომა და აუცილებლად გადადგება და სწორედ აქ გამოვაცხადებთ პირველად, რომ გახარია გადადგა,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
აქციაზე იმყოფებოდა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, ელენე ხოშტარია. მისი თქმით, ქართველმა ადამიანებმა აჩვენეს, რომ მათი პროტესტის სიმტკიცე ურყევია.
„აქ იკრიბებიან ადამიანები და ითხოვენ სამართლიანად, გახარიას გადადგომას. ეს ადამიანები, ვინც ამ ყველაფრის ორგანიზებას აკეთებენ და ის ადამიანები, ვინც მტკიცედ მოდიან, არის მთავარი ძალა, რომელიც ამ ქვეყანას საბოლოო ჯამში გაიყვანს სამშვიდობოს და დემოკრატიულ ვითარება შექმნეს ქვეყანაში,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.