დავით გარეჯში, აღდგომის ტაძრამდე მისასვლელი ბილიკი ჩაკეტილია. გადაწყვეტილება სასაზღვრო პოლიციამ გუშინდელი ინციდენტის შემდეგ მიიღო. ადგილზე კი ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შს სამინისტრომ სავარაუდოდ, გუშინდელ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. გუშინ, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სალოცავებიდან ხატები გამოიტანეს, რომლებიც ტაძრებში მოგვიანებით სამოქალაქო აქტივისტებმა დააბრუნეს. გარდა ამისა, უდაბნოს მონასტრის ლავრის თავზე ოფიციალური შეხვედრა მიმდინარეობს. თუმცა, უცნობია, ვინ რომელი უწყების წარმომადგენლები ხვდებიან ერთმანეთს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში "კურიერს" უთხრეს, რომ უწყებიდან გარეჯში არავინ იმყოფება.
რაც შეეხება ზოგად ვითარებას, ადგილობრივები, სამოქალაქო აქტივისტები და სასულიერო პირები საქართველოს ხელისუფლებას ვითარების კიდევ უფრო დაძაბვის თავიდან ასაცილებლად დროულ რეაგირებას სთხოვენ.
„როცა მოგიხურავენ შენი მონასტრის კარებს, ამას ყველა ვერ მიიღებს მშვიდად. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გაიხსნას მონასტერი, სასწრაფოდ უნდა მოხდეს იქ ხალხის დაშვება. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, რომელიც მიმდინარეობს,არსებობს რუკა, რომელიც ალიევის დროს შევარდნაძე-ალიევმა დაადგინეს, რომ ეს უნდა იყოს საზღვრის განმსაზღვრელი, ეს არის ერთადერთი ოფიციალური რუკა, იქ უდაბნოს მონასტერი არის ჩვენს მხარეს, ეს არის მონასტრის ძალით დაკავება, ამას მეტი არაფერი არ ჰქვია,"-ამბობს მამა ზაზა ტატუნაშვილი.