ხელისუფლება ერთი ბარტყის გადმოგდების პრინციპით მუშაობს - ასე აფასებს ოპოზიცია 20 ივნისის სისხლიანი დარბევის საქმეზე ერთი პოლიციელის დაკავების ფაქტს. პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, რომ მთავარი ამოცანა გიორგი გახარიას მიერ პასუხისმგებლობის აღებაა, რადგან სისხლიანი ღამის ავტორი სწორედ შს მინისტრია.
ცალკეული სამართალდამცველების დაკავება კი მას ამ პასუხისმგებლობისგან ვერ გაათავისუფლებს.
“ხელისუფლება ისევ იგივე თამაშს გვეთამაშება ერთი ბარტყის გადმოგდების პრინციპით. ერთი თვის თავზე ვნახეთ,რომ ერთი პოლიციელი დააკავეს. ეს ისევ და ისევ მიდის იქით,რომ რამენაირად დაფარონ გახარიას დანაშაული 20 ივნისის ღამეში,“-ამბობს ზაალ უდუმაშვილი.
„ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცდილობს ერთ პოლიციელზე გადატეხონ ჯოხი.
„არაერთი კადრი ვნახეთ, კონკრეტული პოლიციელების დანაშაულის, მათ შორის რტყმევის, ფარეხიდან რომ აგდებდნენ და არაერთი და 26 დღის მერე ერთი სპეცრაზმელი რომ იპოვეს რომელზეც ჰგონიათ რომ გადატეხავენ ეს არასერიოზულია,“-ამბობს ელენე ხოშტარია.
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ნინო გოგუაძეც ფიქრობს, რომ ხელისუფლება დაკავებულ სპეცრაზმელზე მთელი პასუხისმგებლობის დაკისრებას ცდილობს. „რესპუბლიკური“ პარტია კი ერთი პოლიციელის დაკავებას, ბარტყის გადაგდება უწოდებს და ამბობს, რომ ეს იგივეა რაც ყვავს კაკალი გააგდებინო.
„აშკარად ჩანს, როგორ ესვრიან სახეში ადამიანებს თვალში, 26 დღის მერე პროკურატურამ როგორც იქნა შეძლო ერთ ადამიანზე ბრალდების წაყენება. ეს უფრო არის იძულებითი, ვითომ რაღაცა ყვავს რომ კაკალს გააგდებინებ. აჰა თქვენ ერთი პატარა ბარტყი და დაკმაყოფილდითო,“-ამბობს დავით ზურაბიშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობაში და ეფექტური გამოძიების შესახებ საუბრობენ და ამბობენ, რომ კანონის წინაშე ყველა პასუხს აგებს. ანრი ოხანაშვილის თქმით, პოლიტიკოსების გამოკითხვასთან ერთად მიმდინარეობს სამართალდამცველებთან დაკავშირებული გამოძიებაც.