20 ივნისის ღამეს უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. სისხლიანი დარბევიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ გამოძიებას ერთადერთი დაკავებული სამართალდამცველი ჰყავს.
პოლიციელს ბრალი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.
კერძოდ, ლ.ი.-ს ბრალად ედება მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ვიდეო კადრებში, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა ჩანს, როგორ უსწორდება პოლიციელი იურისტ დავით ნიორაძეს, თუმცა არქივში ინახება ის კადრებიც, საიდანაც ირკვევა, რომ ნიორაძის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა ჯგუფურ ძალადობასაც.
თავად ნიორაძეს, რომელსაც დაკავების დროს სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ, სცემეს და ნეკნები ჩაუმტვრიეს - დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული.