იუსტიციის უმაღლესი საბჭო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას აგრძელებს. სხდომა თითქმის 4 საათია მიმდინარეობს. საბჭოს წევრებმა დღეს 5 კანდიდატს უნდა მოუსმინონ. გასაუბრების დასრულების შემდეგ კი იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფარული კენჭისყრით პარლამენტისთვის წარსადგენ, მოსამართლეობის 20 მსურველს დაასახელებს.
დღეს უმაღლეს საბჭოში ზურაბ აზნაურაშვილს, თამარ ალანიას, დიანა ბერეკაშვილს, თამარ ბურჯანაძეს, მერაბ გაბინაშვილს მოუსმენენ.
ამ დროისთვის გასაუბრება ზურაბ აზნაურაშვილთან მიმდინარეობს. მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები სხვადასხვა კითხვებს უსვამენ. ერთ-ერთი კითხვა მწერლობასაც ეხებოდა. ზურაბ აზნაურაშვილს ჰკითხეს, რა წაიკითხა ბოლოს.
„რამდენიმე თვეა სამწუხაროდ წაკითხვის საშუალება არ მაქვს, შეიძლება საბედნიეროდ, სხვა ვიღაცას უკავშირდება ეს ჩემი თავისუფალი დრო, მანამდე ბევრი რაღაც არსებობს,რომლებმაც შეიძლება ...სახელებში ცოტა ცუდად ვარ, ვეცდები გავიხსენო ბოლო წაკითხული რაც იყო, ბოლო,რომელიც მნიშვნელოვანი იყო... არა კიდევ წავიკითხავ, ალბათ. მნიშვნელოვანია, დოჩანაშვილი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა. ახლა ვიხსენებდი, ბოლო მნიშვნელოვანი საკითხი იყო, მე მგონი "ყვავილები ელჯერნონისთვის,“-თქვა აზნაურაშვილმა.
განსაკუთრებით ბევრი კითხვა კანდიდატებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს აქვთ, თუმცა ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს სხდომის თავმჯდომარემ კითხვების დასასმელად 15-15 წუთი გამოუყო. არამოსამართლე წევრები ამბობენ, რომ უამრავი კითხვა აქვთ და არ აპირებენ ამ მოთხოვნის შესრულებას.