ირაკლი ოქრუაშვილი დარწმუნებულია რომ მისი დაცვის წევრის კობა კოშაძის დაკავება მის წინააღმდეგ დაწყებულ დევნას უკავშირდება. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მან ივანიშვილისგან 4 დღის წინ მიიღო მუქარით სავსე გზავნილი, რომელიც მის დაკავებას ეხებოდა.
„მარტო დაცვის წევრი არ არის, არის ჩემი უახლოესი ადამიანი, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იდგა. ბუნებრივია, ლოგიკური კითხვა ჩნდება, რომ ადამიანს, რომელსაც იარაღს უდებენ ისეთ დროს როდესაც დაძაბულობაა და ყველა საღად მოაზროვნეს ესმის რომ არა თუ იარაღით არ უნდა იარო, არამედ არავის თვალში არ უნდა მოხვდე ესეთ დროს, ეს ადამიანი იარაღით არ ივლიდა. იარაღი ჩაუდეს და ჩაუდეს ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ჩემზე ვერ მოახდინეს ვერანაირი ზემოქმედება, ვერანაირი ძველი ვერაფერი ვერ ამოქექეს რომ ჩემს წინააღმდეგ რაღაც საქმეები დაეწყოთ და ბოლოს ამით გამონახეს ზეწოლის მექანიზმი. მაგრამ ვერაფერს ვერ გახდებიან. ივანიშვილი აგონიაშია და ეს აგონია დამთავრდება ძალიან მალე მისი ხელისუფლებიდან წასვლით. ჩემს გარემოცვას შემოუთვალეს, რომ არ ჩამოვსულიყავი თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში დამიჭერდნენ,“-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
კობა კოშაძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, ასევე დაგეგმილია მის კუთვნილ მეორე სახლშიც საგამოძიებო მოქმედებები. კობა კოშაძეს სამართალდამცველები ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა -შენახვას ედავებიან.
ირაკლი ოქრუაშვილის გარემოცვა კოშაძის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ.
„კობა კოშაძეს ვიცნობ წლებია და ამ ადამიანის ხელში იარაღი არავის არ უნახავს. ეს არის ამ უსუსური ხელისუფლების უაზრო ნაბიჯი რომლითაც ისინი ცდილობენ რომ დაგვაშინონ ყველანი და ირაკლი ოქრუაშვილის რომელიც არ არის საქართველოში და ხვალ დაბრუნდება, რომ არ ჩამოვიდეს,“-განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.