მასშტაბური ანტისაოკუპაციო აქციებიდან 28-ე დღეს, ბიძინა ივანიშვილმა დათვალა და დაადგინა, რომ ქუჩაში გახარიას გადადგომას მხოლოდ 200 ადამიანი ითხოვს. ახალგაზრდების პროტესტი „ქართული ოცნების“ ლიდერისთვის პარტიული ღონისძიებაა. კითხვების შებრუნებამ ივანიშვილი გააღიზიანა და ჟურნალისტებზე თავს დაესხა.
განცხადებებს ბიძინა ივანიშვილი ბათუმის სასტუმრო „ჰილტონში“ ხმაურიანი აქციის ფონზე აკეთებდა. მის განცხადებებს მიკროფონში პერიოდულად შეძახილები და საყვირის ხმა ფარავდა. ივანიშვილმა სასტუმროც აქციის მონაწილეების ხმაურიანი პროტესტის ფონზე, დაცვის გაძლიერებული კორდონით დატოვა. როდესაც ხალხთან სასაუბროდ მმართველი პარტიის ლიდერი არ გაჩერდა, აქტივისტებმა გზა გადაკეტეს, რასაც პოლიციასთან ჩხუბი მოჰყვა.
სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ შეშინებული ივანიშვილის განცხადებები მათ გეგმებს ვერ შეცვლის და პროტესტი ქუჩაში ისევ გაგრძელდება. ყოველ დღე პროტესტის ახალ ფორმებს იფიქრებენ, დღეს სპეცეკიპირება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იდგნენ და სკანდირებდნენ - გახარია წადი.
პროტესტის 28-ე დღეს აქციაზე გასულებს, გულზე სამიზნის ნიშნები ჰქონდა დატანილი. ეს იყო გზავნილი ხელისუფლებისთვის, რომ არ ეშინიათ, იციან, რომ ახლა გახარიას სამიზნეა ყველა, ვინც ქუჩაში მის გადადგომას ითხოვს. თუმცა ამბობენ, რომ არ დაიღლებიან, ვიდრე მინისტრი არ გადაგება.
რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიტინგი ყოველ დღე იმართება.