17 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
"ვუთხარი, იმ კორპორატიული კულტურის შესახებ, რომელიც კომპანიაშია და თითოეული თანამშრომელი გრძნობს" - პაატა სალია "რუსთავი2"-ის ფინანსურ დირექტორს შეხვდა

"რუსთავი2"-ის ახლად დანიშნული გენერალური დირექტორი დილიდან ტელეკომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელებს ხვდება. პირველი ასეთი შეხვედრა ფინანსურ დირექტორთან გაიმართა.

პაატა სალია თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე წუთებიდან აღნიშნავდა, რომ სურდა დროულად გარკვეულიყო იმ კომპანიის ფინანსებში, რომელიც ბოლო 4 წელია მისი მარწმუნებლის, ხალვაშის მოთხოვნით დაყადაღებული იყო.

“ჯერ არაფერი ინფორმაცია არ მიგვიწვდია.  როგორც დირექტორს აინტერესებს სტაფი, სია, ფინანსური მდგომაროება. ამ ინფორმაციებს მივაწვდით ნელ-ნელა,“-ამბობს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის ადმინისტრაციის და პერსონალის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამილა გველესიანი.

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის ფინანსური დირექტორის, ირაკლი ნიჟარაძის თქმით, პაატა სალიასც მიეცემა საშუალება გაეცნოს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას. ნიჟარაძე ამბობს, რომ პირველ რიგში ახალ გენერალურ დირექტორს კომპანიაში არსებული კორპორატიული კულტურის შესახებ ესაუბრნენ.

„მე მას უბრალოდ ვუთხარი, იმ კორპორატიული კულტურის შესახებ,რომელიც ამ კომპანიაშია და თითოეული თანამშრომელი გრძნობს. მას აინტერესებს არხის ფინანსური მდგომარეობა და დროთა განმავლობაში გაეცნობა. ეს ინფორმაცია მისთვის იქნება ხელმისაწვდომი,“-ამბობს ნიჟარაძე.

თავად პაატა სალია კი აპირებს დღეიდან კომპანიაში არსებულ სიტუაციას საფუძვლიანად გაეცნოს. ის გეგმავს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ პირებს შეხვდეს და მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები გაიცნოს.

სალია ამბობს, რომ მისი ინტერესის საფუძველს ფინანსები, ბანკებთან და კრედიტორებთან ურთიერთობა წარმოადგენს. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია შემდგომი ფუნქციონირებისთვის.

„პირველი რიგის ამოცანაა ჩემთვის, გავეცნო სიტუაციას. დავიწყო იმ ადამიანების გაცნობით, ვინც არიან ძირითად პოზიციებზე. შემდგომ ის ადამიანები გამაცნობენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებს.

ასევე პარალელურად განვახორციელოთ ის საჭირო აუცილებელი მოქმედება, რაც კომპანია სჭირდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეს ბანკებთან ურთიერთობა იქნება, კრედიტორებთან თუ ასე შემდეგ,“-განაცხადა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ.

დღის ამბები