იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მიღების გამო სერგო მეთოფიშვილის კრიტიკას პასუხობს. დოლიძე საბჭოს მოსამართლე წევრს იუსტიციის საბჭოს „ ჟირინოვსკად“ მოიხსენიებს და ამბობს, რომ მის შენიშვნას სერიოზულად ვერ აღიქვამს.
დოლიძის განცხადებით, მისი და ნაზი ჯანეზაშვილის აქტიურობა საბჭოს წევრებს დისკომფორტს უქმნის.
„მე მას დავარქვი იუსტიციის საბჭოს ჟირინოვსკი. მე ვფიქრობ, იუსტიციის საბჭოს უმრავლესობას, რა თქმა უდნა, აქვს შიში აქტიური საბჭოს წევრებისა, მათ დისკომფორტს აყენებს და ეს კარგად გამოჩნდა დღეს. ჩვენი მოღვაწეობა, როდესაც დღეს მაგალითად, ქალბატონ ნაზის უბრალოდ ჩამოართვეს სიტყვა, როდესაც ის სვამდა კითხვებს. გარდა ამისა, ჩვენ გასაუბრებების დროს გვიხდება მუშაობა სრულიად არასამუშაო პირობებში. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები კარნახობენ პასუხებს მოსამართლე კონკურსანტებს, ხმაურობენ, ჩურჩულებენ, გვაწყვეტინებენ ჩვენს გამოსვლებს და ხანდახან გვართმევენ სიტყვასაც. ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქალბატონმა ნაზიმ და მე არ შევასრულოთ ჩვენი მოღვაწეობა, დავსვათ კითხვები, რომლებზეც ძალიან ბევრი კონკურსანტი უბრალოდ ვერ პასუხობს,“- განაცხადა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა , სერგო მეთოფიშვილმა ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომის დატოვების და ტელეკომპანია „ TV პირველში“ რუსთავი2-თან დაკავშირებით გამართულ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის გამო გააკრიტიკა.