დავით გარეჯში ვითარება კვლავაც დაძაბულია. გაურკვეველი მიზეზის გამო, მეათე დღეა დაკეტილია უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი ბილიკი.
სალოცავებსა და კელიებს ახლა ბერები და მრევლი იცავს. ხელისუფლების მხრიდან კი ჯერ-ჯერობით არ გადადგმულა ის რეალური ნაბიჯები, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრისკენ იქნებოდა მიმართული.
„პოსტსკრიპტუმმა“ საკუთარი თვალით ნახა, როგორ დაარღვია მეზობელი სახელმწიფოს კუთვნილმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე და როგორ შემოვიდა საფრენი აპარატი მათივე აღიარებით, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ამის შემდეგ კი აზერბაიჯანელი მესაზღვრეები სასულიერო პირებს დაუპირისპირდნენ. მორიგ კონფლიქტს გარეჯში ჩასული „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი შეესწრო. აზერბაიჯანული მხარის ახალი რეგულაციით აღდგომის ტაძრამდე და კლდის ქიმზე უდაბნოს მონასტრისკენ გადაადგილება არც სასულიერო პირს, მომლოცველს და ტურისტს არ შეუძლია.
სასულიერო პირების გამოჩენისთანავე - უდაბნოს მონასტრის თავზე აზერბაიჯანულმა ვერტმფრენმა გადაიფრინა.
ვერტმფრენის მგზავრებიდან ერთ-ერთმა, სავარუდოდ, მეთაურმა აგრესია ხომალდიდან გადმოსვლისთანავე გამოხატა. ცხარე კამათი სასულიერო პირებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის აღდგომის ტაძართან 2 საათს გაგრძელდა. აზერბაიჯანული მხარის გაცხადებით ვითარების გამწვავების მიზეზი ერთი კვირის წინანდელი ინციდენტია. უდაბნოში მცხორებმა ახალგაზრდებმა, აზერბაიჯანელი მესაზღვრე სცემეს, ამ ფაქტს კი წინ სასულიერო პირების განცხადებით, ტაძრებიდან ხატების გამოტანა და უდაბნოს მონასტერში ერთ-ერთი კელიის ტუალეტად გადაქცევა უსწრებდა.
კირიონი და მასთან ერთად მყოფი სხვა სასულიერო პირები უდაბნოს ტაძარში არ ჩაუშვეს. ფოტო მასალაში კი ჩანს უდაბნოს მონასტრის ბილიკთან აგებული კარვები, რაც იმის დასტურია, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მონასტერთან 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ.
კირიონი დავით გარეჯში 23 წელია მსახურობს. ამბობს, რომ გარეჯის პრობლემა ასეთი სერიოზული არასდროს ყოფილა. აცხადებს, რომ ოფიციალურ ბაქოსთან გარეჯის თემა თითქმის გარკვეული იყო რამდენიმე წლის წინ, თუმცა "ქართულ ოცნებაში" განხორციელებული სხვადასხვა ცვლილებების შემდეგ - მთავრობას გარეჯი აღარ მოუკითხავს.
აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩიჩხიტურიდან უდაბნოს ტაძრამდე თითქმის კილომეტრიან ზოლს სრულად აკონტროლებენ. მეოთხე თვეა ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს, მაგრამ დავით გარეჯში სიტუაცია ყოველდღიურად, ქართული მხარის საზიანოდ იცვლება.