17 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
„გამიყიდეს მიწა" - არჯევნიშვილები ქობულეთის მერიას უკანონო სამშენებლო ნებართვის გაცემაში ადანაშაულებენ

ქობულეთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები არჯევნიშვილების ოჯახი მერიას უკანონო სამშენებლო ნებართვის გაცემაში ადანაშაულებს. ისინი ამბობენ, რომ მათსავე ეზოში სადავო ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტის მშენებლობა ისე დაიწყო, რომ ოჯახთან ამის შესახებ შეთანხმება არ ყოფილა.

სამშენებლო ობიექტის ქვეშ მიწისქვეშა კომუნიკაციები გადის, რაც, არჯევნიშვილების თქმით, ყოველი გაწვიმებისას დატბორვის საშიშროებას ქმნის.

„გამიყიდეს მიწა უჩემოდ, არანაირი წერილი არ მოსულა, არავინ არ მოსულა, რომ ასეთი რაღაც ხდება. რეესტრს მივმართეთ, რეესტრმა გვითხრა, რომ მაღაზია გადაფარვაშია და ამიტომ ვერ მოგცემთ ნებართვასო. ამას ვიძახით სულ, რამდენიმე წელია უკვე, სასამართლო გადაწვეტილება არსებობს, რომელიც უნდა ჩაბარებულიყო, ტერიტორია, თავისუფალ მდგომარეობაში, მაგრამ არ აღსრულდა ეს სასამართლო,“ - ამბობს ოჯახის წარმომადგენელი.

ქობულეთის მერიაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა კანონიერად მიმდინარეობს.

„მშენებლობის ნებართვა აღნიშნულ ტერიტორიაზე გაიცა ავთანდილ გოგიტიძის მიწის ნაკვეთში, რომელიც დასტურდებოდა საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომ ეს მიწის ნაკვეთი იყო მის საკადასტრო საზღვრებში, დაზუსტებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც გაიცა მშენებლობის ნებართვა. ხოლო, რაც შეეხება, სხვა მოსაზრებას, მე ვერანაირად ვერ დავეთანხმები, ეს არის მოქალაქე, რომელმაც მოითხოვა მშენებლობის ნებართვა და ჩვეულებრივად გაიცა მშენებლობის ნებართვა,“ - განაცხადა ქობულეთის მერიის არქიტექტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსმა, ასლან ქათამაძემ.

დღის ამბები