რეგიონალური განვითარება და განსახორციელებელი პროექტები - მთავრობის წევრებმა 6 თვიანი პერიოდის ანგარიში წარადგინეს. საუბარია მთის ფონდების, განათლების, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებზე. ღონისძიებას პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე დაესწრო.
„მსურს, კიდევ ერთხელ ყველა დავარწმუნო, რომ 2022 წლის ჩათვლით, როგორც ჩვენ შევპირდით ჩვენს მოქალაქეებს, საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეკონომიკა და ერთობლივი ძალებით დავძლიოთ სიღარიბე. რეგიონალური განვითარების გარეშე წარმოუდგენელია საქართველოში სიღარიბის დაძლევა,“ - განაცხადა ბახტაძემ.
პრეზენტაციაზე სიტყვით რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიც გამოვიდა. მაია ცქიტიშვილმა იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომელიც მისმა უწყებამ სისტემური ცვლილებების საფუძველზე განახორციელა.
„წელს ის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ 6 თვის შესრულების მაჩვენებლით გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ 28%-ით არის გაზრდილი უშუალოდ რეფონდის დაფინანსება, თუმცა სამჯერ უკეთესი შესრულება გვაქვს 6 თვის მონაცემებით და ეს არის შედეგი იმ სისტემური ცვლილებების, იმ გაუმჯობესებების, რომელიც ჩენ განვახორციელეთ ერთობლივად, მუნიციპალიტეტებთან ერთად პროექტების დაგეგმვის, პროექტების მართვის და პროექტების მონიტორინგის ნაწილში,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.