მე არაფერი დასამალი არ მაქვს, არც დიპლომი - ასე პასუხობს გენერალური პროკურორი კითხვებს მისი დიპლომის შესახებ. მას შემდეგ, რაც შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორი გახდა, გარკვეული ეჭვების გამო, არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა პროკურატურას, რომ დიპლომის ასლი გადაეცათ, როგორც საჯარო ინფორმაცია, თუმცა უშედეგოდ.
"კურიერმა" მოიპოვა შალვა თადუმაძის დიპლომი. შალვა თადუმაძეს დამთავრებული აქვს "თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი." დოკუმენტში გარკვეული უზუსტობებია წლებთან დაკავშირებით. ნიშნების ფურცელში მითითებულია, რომ 1993-1998 წლებში ამ ინსტიტუტში სწავლობდა შალვა თადუმაძე, თუმცა ოფიციალურად ინსტიტუტი დაარსებულია და ლიცენზია მიღებული აქვს 1994 წელს.
ნიშნების ფურცლის მიხედვით, შალვა თადუმაძეს სახელმწიფო და სამართლის ზოგად ისტორიაში სამიანი (დამაკმაყოფილებელი) გამოჰყვა. თადუმაძე ამბობს, რომ მის მიერ დამთავრებულ უნივერსიტეტს ჩაბარების დროს ლიცენზია ჰქონდა.
„ეს ჰკითხეთ განათლების სამინისტროს, რადგან ჩავაბარე ე.ი. ჰქონდა სტატუსი, მაქვს ინფორმაცია, არის დიპლომი და არ ვაპირებ წლების და რაღაცების თარგმნას. მით უმეტეს, არ ვიცი რაზე საუბრობთ. ლოგიკა აღვწერე,
რა ლოგიკით არიან ეს ადამიანები ჩემი რეკომენდატორები, ყველა ის არის ჩემი რეკომენდატორი, ვინც კარგად იცის, როგორც ჩემი ადამიანური რესურსი, ისე ჩემი კვალიფიკაცია და ისე ჩემი დიპლომიც,“ - ამბობს თადუმაძე.
მისი თქმით, არ ჩაუთვლია, რომ საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გაჩნდებოდა რეკომენდატორთა შორის მინისტრ მაია ცქიტიშილის, დეპუტატ ირაკლი სესიაშვილისა და კობა კობალაძის მითითებით. თადუმაძის თქმით, რეკომენდატორებთან ერთად ადრე მუშაობდა და ისინი მისი უფროსები იყვნენ.
„თუ ეს კითხვის ნიშნებს დატოვებდა, მაშინ კანონში ჩაიწერებოდა, რომ არ შეიძლება კანდიდატის რეკომენდატორი იყოს პირი, რომელსაც უკავია ... განწყობა არ ვიცი,“ - ამბობს თადუმაძე.