17 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
შეტევა ხაზარაძესა და ჯაფარიძეზე - ოპოზიციის აზრით, ივანიშვილი პოლიტიკური ველის მოსუფთავებას აგრძელებს

ემუქრება თუ არა მამუკა ხაზარაძეს ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრობა? ყველაზე ძველ ქართველ ბანკირზე ახალმა იერიშმა დღეს ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალა. ერთი წლის წინანდელი საქმის თაროდან ჩამოღებამ გააჩინა განცდა, რომ ივანიშვილი ხაზარაძის პოლიტიკურ ნეიტრალიზებას ცდილობს.

"ქართული ოცნების" ლიდერები კი უნისონში ამტკიცებდნენ, რომ TBC ბანკის დამფუძნებლებისთვის ბრალის წაყენება, მამუკა ხაზარაძის მიერ 10 დღის წინ დაანონსებულ პოლიტიკურ გეგმებს არ უკავშირდება და 2020 წლის არჩევნების წინ ივანიშვილის პარტია მის ერთ-ერთ მთავარ მეტოქეს პროკურატურის ხელით არ ანადგურებს.

მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის წამზომი პროკურატურამ დღეს ხუთ საათზე ჩართო და დროის ათვლა ხვალ დასრულდება. 24 საათში გახდება ცნობილი, სად დაელოდებიან უმსხვილესი ქართული ბანკის დამფუძნებლები სასამართლოს გადაწყვეტილებას, წინასწარ პატიმრობაში თუ სახლში. ოპოზიცია ფიქრობს, რომ დიქტატორულ რეჟიმს ივანიშვილი საქართველოში მოსკოვის დავალებით აფორმებს.

ხაზარაძის ნეიტრალიზების ერთ-ერთი მიზეზი ანაკლიის პორტია, რომლის აშენებაც მოსკოვს არ უნდა. საქმე, რომლის გამოც, "თიბისის" დამფუძნებელი დღეს ბრალდებულად ცნეს, კიდევ ერთი ფიგურანტი TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის კომპანიაა. ოპოზიციას ეჭვი აქვს, "რუსთავი 2-ის" შემდეგ ივანიშვბილის სამიზნე "ტვ პირველი" იქნება.

ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ პროპორციული სისტემით დაგეგმილ არჩევნებამდე მისვლა ბიძინა ივანიშვილს განსხვავებული აზრისგან სტერილური გარემოთი სურს. ამიტომაც ის ებრძვის ყველას და ყველაფერს, საიდანაც შესაძლოა, მინიმალურ საშიშროებასაც კი ელოდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები