პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა - ქვეყნის უმსხვილესი TBC ბანკის დამფუძნებლებზე მორიგი შეტევის დრო დადგა. 24 საათში გაირკვევა, წავა თუ არა „ქართული ოცნების“ პროკურატურა უკიდურეს ნაბიჯზე და აღმოჩნდებიან თუ არა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საბრალდებო სკამზე. სწორედ ამ ორი გავლენიანი ბიზნესმენის განეიტრალებით ბიძინა ივანიშვილი ერთდროულად რამდენიმე ომს იგებს.
მამუკა ხაზარაძემ პირდაპირ თქვა, რომ თადუმაძის უწყების გამოძიებას არ ენდობა. TBC ბანკის დამფუძნებელი ამტკიცებს, რომ მისი და ბადრო ჯაფარიძის წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს, რომელსაც სამართალთან კავშირი არ აქვს და რეალურად ორ მიზანს ემსახურება. ერთი საერთაშორისო ასპარეზზე მათი რეპუტაციის შელახვაა, მეორე კი - ანაკლიის პორტი.
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პროკურატურა დღეს რამდენიმე წუთში მას შემდეგ დატოვეს, რაც ადვოკატებმა მათი ბრალდების დადგენილებები ჩაიბარეს.
ადვოკატი ზვიად კორძაძის ინფორმაციით, სამართლებრივი უზუსტობები, რომელიც ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ ფულის გათეთრების ბრალდებაში წერია, იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტისთვისაც სამარცხვინოა.
საქმის დეტალებსა და მტკიცებულებებზე პროკურატურას დღეს არ უსაუბრია. საგამოძიებო უწყებაში მხოლოდ ის განმარტეს, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზების საქმეზე შემაჯამებელი დოკუმენტი მიიღეს და ბრალის დადგენილებები მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოიტანეს. პროკურატურა TBC ბანკის დამფუძნებლებს 16 მილიონზე მეტი თანხის გათეთრებაში ადანაშაულებს. საქმე 12 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება. იმის გამო, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე პატიმრობაში არ არიან, პროკურატურას სასამართლოში აღკვეთის შუამდგომლობის შეტანის ვადა არ აქვს.