17 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
"ცალსახად პოლიტიკური ამბავია" - ზურა ჯაფარიძე ხაზარაძისა და ჯააფარიძისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება

სახალხო პროტესტი რუსთაველის გამზირზე გრძელდება. 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო აქცია, რომელიც სისხლიანი ღამის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდა, უკვე 35 დღეა, მიმდინარეობს. ბოლო ერთი კვირაა, პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს ორგანიზატორები აქციის განსხვავებული ფორმატს სთავაზობენ. 

"სამოქალაქო საზოგადოებას ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ჰქონია ისეთი მნიშვნელოვანი მიღწევა, რასაც ჩვენ დღეს აქ ვაკეთებთ. რადგან განსხვავებული პოლიტიკური თუ სოციალური შეხედულებების და წარსულის მქონე ადამიანები ყოველ ღამე 8 საათიდან იკრიბებიან აქ და მათ პირადად აქვთ საშუალება იმის, რომ კითხვები დაუსვან პოლიტიკურ ფიგურებს, პარლამენტარებს, საზოგადო მოღვაწეებს. იმ მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით, როგორიც შეიძლება იყოს, ვთქვათ რუსული ოკუპაცია, 20 ივნისის ღამე ან გიორგი გახარია და მისი კრიმინალური აქტივობები. ჩვენ შევძელით ის, რომ იმ პროცესების დროს, როდესაც "ქართული ოცნება" ებრძვის თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას, ჩვენ აქ შევქმენით პატარა მინი მედია პლატფორმა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უკვე გუშინ და გუშინწინ ჩვენ გავუსწარით TV პირველისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგებს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან  მნიშვნელოვანია,“   -განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

რუსთაველის გამზირზე მოწყობილი სტუდიის სტუმარი დღეს "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იყო.  მან სხვა საკითხებთან ერთად მამუკა ხაზარაძისთვის წარდგენილ ბრალზეც ისაუბრა.

„აქ საპროტესტო მუხტის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი. კარგია, რომ კრეატიულად უდგებიან თვითონ ორგანიზატორები და მათ შორის ახლა ეს ფორმა მოიგონეს... ცალსახად პოლიტიკური ამბავია. მე არ მგონია, ვინემ ჭკუათმყოფელი ამ ქვეყანაში, ვინც ფიქრობს, რომ ეს არის რაღაც სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის დავა. საუბარი არის 11 თუ 12 წლის წინანდელ ამბავზე. ამ საქმეს არ ჰყავს არც დაზარალებული და არც მომჩივარი. ანუ არავის ინტერესში არ არის, რომ რამე პრობლემა არის, ვინმე წუხდეს და იძახდეს, რომ რაღაც დამიბრუნე, ვიღაცამ წამართვა, ანუ ეგეთი არავინ არ არსებობს. შეიძლება კომბინაცია იყოს ბევრი რაღაცის და მათ შორის ის, რომ ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ ის აპირებს, შემოდგომიდან პოლიტიკურად გააქტიურებს,“ - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ. 

დღის ამბები