დილიდან ლონდონის ბირჟაზე "თიბისის" აქციები ისევ უფასურდება. მხოლოდ ორ საათში პროცენტნახევრიანი ვარდნაა დაფიქსირებული. ხელისუფლების შტურმმა ბანკზე გუშინ აქციების ფასი 12%-თ დააგდო და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური თამაში და ანგარიშსწორება თიბისი აქციონერებს უკვე 130 მილიონი დაუჯდათ. "თიბისი" მარტო არ არის. გუშინ მამუკა ხაზარაძისათვის წარდგენილი ბრალის შემდეგ, ლონდონის ბირჟაზე სხვა ქართული კომპანიების აქციების ფასიც დაეცა. ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ღამით იძულებული გახდნენ განცხადება გაევრცელებინათ და ეთქვა, რომ ბანკის ჯგუფს ტოვებენ.
“ეს არის მიზანმიმართული ქმედება საერთაშორისო ინვესტორების და ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის წინააღმდეგ. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ 24 ივნისს ლონდონში ჩვენმა აქციონერებმა მე და ბადრი ხმათა 98%-ით თავიდან აგვირჩიეს ბანკის თავმჯდომარედ და მის მოადგილედ. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არ დასრულდა უსამართლო თავდასხმები ჩვენზე და ამის გამო ზარალდებიან ბანკი, მისი აქციონერები და თანამშრომლები, ვტოვებთ ბანკში დაკავებულ თანამდებობებს მანამ სანამ არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს,” - წერს ხაზარაძე.