ქვეყნის ყველაზე მსხვილ ბანკზე "თიბისიზე" შეტევა უკვე აისახა ეროვნული ვალუტის კურსზეც. ლარმა გაუფასურების ანტირეკორდი კიდევ ერთხელ მოხსნა. ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებით 2 ლარი და 90 თეთრია, თუმცა ის გაცილებით მაღალია კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში, სადაც 1 დოლარის ფასი 2 ლარსა და 96 თეთრს აღწევს.
ეკონომისტები დარწმუნებულები არიან, რომ ეროვნული ვალუტის ვარდნაზე გავლენა TBC ბანკზე შეტევამაც განაპირობა.
გარდა ამისა, ეკონომისტის გიორგი ისაკაძის განცხადებით, ლარს შესაძლოა უშველოს გარედან ფულის შემოდინებამ, თუმცა არსებულ სიტუაციაში ეს გამორიცხულია.
„თებერვლის დასაწყისი, იანვრის ბოლოდან თუ დავაკვირდებით ლარის გაუფასურებამ დრამატული ხასიათი სწორედ აქედან მიიღო. შემდეგ არის უკვე კასკადი იმ სხვადასხვა კრიზისებისა, რომელიც შეიქმნა. მოლოდინების შემქმნელების სიტყვა, ჩემდა სამწუხაროდ უფრო გაუფასურებულია, ვიდრე თავად ეროვნული ვალუტა არის. არც მანამდე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არ იყო ცუდი. იყო ნორმალური და კარგი მაგრამ შესაბამისი პოზიტიური მოლოდინი ვერ შექმნა ვერავინ. კიდევ არის ბიზნესმენების განწყობები. ეს ბიზნესმენები კი მთლად პოზიტიურ სურათს ყველაზე რბილად რომ ვილაპარაკო არ უყურებენ წლიდან მოყოლებული. ლარს უნდა უშველოს გარედან ფულის მეტმა შემოდინებამ. რასთანაც საქმე ფიზიკურად ვერ გვექნება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. რომელი სასამართლო უნდა ელაპარაკოს ინვესტორებს, რომ აქ მეტი ინვესტიციების მოზიდვა მოხდეს მაშინ როდესაც თითქმის ნახევარ მილიარდ ლარამდე გუშინდელი საჯაროდ აღრიცხული კომპანიების ზარალი ოთხივე ქართული კომპანიის დაახლოებით ესე ფასდება,“-განაცხადა გიორგი ისაკაძემ.
ექსპერტები ამბობენ, რომ ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამოც არ შემოდის ქვეყანაში ინვესტიცია და ვერ უმკლავდებიან არსებულ გამოწვევებს. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, კვლავ გაძვირდეს პროდუქტი, წამლები და საწვავი.
„ბუნებრივია არამარტო ხაზარაძის ფაქტორი, არამედ ბევრი ისეთი ფაქტორი, რაც ჩვენ წლების განმავლობაში ვნახეთ იქნება ეს თქვენი საქმე, იქნება ეს სხვა ბევრი უამრავი დეტალის ჩამოთვლა შეიძლება რაც საერთო ჯამში ქმნის იმ ფონს, რა ფონიც არის შექმნილი ქვეყანაში. მთლიანი ნიჰილიზმის ფონი. არამარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელიც საინტერესო შეიძლება იყოს. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი უცხოური პირდაპირი პოზიციების შემცირების და აქციები, პოლიტიკური აქციები, ან მიტინგები. ბუნებრივია, როდესაც ლარი უფასურდება ჩათვალეთ რომ 70%, შეიძლება ცოტა ნაკლები საქონლის და მომსახურებისა არის გაძვირების რისკის ქვეშ, რადგან იმპორტირებულია. უშუალოდ დიდი დარტყმას ამ დროს იღებს ნავთობპროდუქტები და მედიკამენტები,“-განაცხადა ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ.