17 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
ვთვლით დაუშვებლად "რუსთავი 2"-ის, როგორც თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის, გაჩუმებას - საკანონმდებლო ორგანოში დვალს და აქიმიძეს უსმენენ

"რუსთავი 2"-ის საქმე - საკანონმდებლო ორგანოში ტელეკომპანიის დამფუძნებლებს, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს უსმენენ. შეხვედრა ღია ფორმატში მიმდინარეობს და მას „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატები და ოპოზიციის სხვა წევრები ესწრებიან. დეპუტატებს აინტერესებთ, 2012 წლიდან მოყოლებული როგორ ვითარდებოდა მოვლენები ტელეკომპანიის გარშემო.

დავით დვალმა ყურადღება თავისუფალი სიტყვის მნიშვნელობაზე გაამახვილა  და აღნიშნა, რომ  "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა დაუშვებლად მიიჩნია. მისი განცხადებით, ტელეკომპანიის კრიტიკული მაუწყებლობა, ახლა ქვეყანას ჰაერივით სჭირდება.

„ჩვენი პოზიცია არის ასეთი, ჩვენ ვთვლით დაუშვებლად "რუსთავი 2"-ის, როგორც თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის გაჩუმებას. ანუ "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო კურსის შეცვლა იქნება ქვეყნისთვის ძალიან დიდი დარტყმა.  აქ ლაპარაკია ზუსტად იმ ფასეულობებზე, რასაც ვთქვათ, "რუსთავი 2"-აკეთებს, ეს არის უკიდურესად კრიტიკული ტელევიზია, რომელიც ახლა ჰაერივით სჭირდება ქვეყანას. ხელისუფლებასაც სჭირდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს თავისუფალი სიტყვა, მითუმეტეს ისეთი მძლავრი ორგანიზაციის სახელით და ფორმით, როგორიც არის "რუსთავი 2," როგორც თავისუფალი სიტყვის ფლაგმანი,“- განაცხადა დვალმა.

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები ქიბარ ხალვაშთან შეხვედრას და მოლაპარაკებებს არ გამორიცხავენ, თუმცა ხაზგასმით ამბობენ, რომ გააჩნიათ წითელი ხაზი, რომლის იქითაც ისინი ვერანაირ წინააღმდეგობას ვეღარ მიიღებენ.

„ჩემთვის ძალიან ძნელია ვთქვა, ვთქვათ, შეხვედრაზე რა მოხდება. ჩვენ აუცილებლად გაგაცნობთ როცა შედგება შეხვედრა ქიბართან, მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ გვაქვს წითელი ხაზი. გვაქვს მკაფიო წითელი ხაზი, რომლის იქით ჩვენ ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ მივიღებთ, თუ არ იქნება ჩვენს ხელში ბერკეტი იმისი, და შესაბამისად გარანტია იმისი, რომ "რუსთავი 2" შეინარჩუნებს  თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის როლს, ჩენ არ მივიღებთ არანაირ წინადადებას. ეს არ იქნება არც ფინანსური კომპენსაცია არც ის, უბრალოდ, ან ჩვენ გვეძლევა ბერკეტი, რომ გავაგრძელოთ "რუსთავი 2"-ის სვლა სწორი მიმართულებით, ან ჩვენ ჩავთვლით, რომ "რუსთავი 2" ჩვენ კიდევ ერთხელ წაგვართვეს, კიდევ  ერთხელ წაგვართვა მორიგმა ხელისუფლებამ და  სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ქიბარ ხალვაშის ხელით,“- განაცხადა დვალმა.

სხდომაზე ჯარჯი  აქიმიძემ ასევე, აღნიშნა, რომ თუკი თეორიულად მაინც დარჩა რაიმე სამართლებრივი შანსი, რომ დამფუძნებლებმა "რუსთავი 2" დაიბრუნონ, ისინი ამ საშუალებას გამოიყენებენ.

„აღსანიშნავია, რომ თუკი ჩვენ კიდევ თეორიულად დარჩენილი გვაქვს აი, ეს ლეგალიზაციის რაღაც გარკვეული გზები დარჩენილი, ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ამ სულ ყველაფერს და ჩვენ გვინდა მხოლოდ და  მხოლოდ სამართლებრივად დავიბრუნოთ ეს ყველაფერი. რა მოლაპარაკებაც არ უნდა შედგეს, რაზეც არ უნდა შევთანხმდეთ, ჩვენ მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას და იმის აღიარებას, რომ სახელმწიფომ თავის დროზე ჩვენს წინაშე ჩაიდინა დანაშაული,“- აღნიშნა აქიმიძემ.

ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ ტელევიზიის საჩუქრად მიღება არ სურთ, ვინაიდან თვლიან, რომ ეს ტელევიზია მათ საკუთრებას წარმოადგენს. მათი განმარტებით, არხის შექმნა  მათ ნულიდან დაიწყეს და შემდეგ ის ხალვაშის ხელით წაართვეს.

„ხაზგასმით გვინდა ვთქვათ ერთი რაღაცა, რაც არ უნდა მისაღები  წინადადება იყოს დავუშვათ ჰიპოთეტურად, არ გვჯერა, მაგრამ მაინც, ჩვენ პრინციპულად წინააღმდეგი ვართ საჩუქრის მიღების, იმიტომ, რომ ჩვენ კატეგორიულად ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი ტელევიზია. ჩვენ ათი წელი ვაკეთეთ მართლა ნულიდან, სახლიდან მოტანილი ტელევიზორით, სახლიდან მოტანილი ვიდეომაგნიტოფონით, ჩვენ იქ ვცხოვრობდით, დღე-ღამეს ვასწორებდით, რომ ეს რაღაც სტანდარტამდე მიგვეყვანა და ჩვენ ვთლით, რომ რაც გამოგვივიდა, რაც შევძელით მაქსიმალური გავაკეთეთ. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ტელევიზია შემდეგ წაგვართვეს, ჩვენ გვინდა, ხელისუფლებამ, რომელიც მობრძანდა დაპირებით, რომ სამართალს აღადგენდა, ნება იბოძოს  და დადოს დასკვნა თემაზე ბოლო-ბოლო ეს ტელევიზია სამართლიანად წაიღეს ჩვენგან თუ არა. ანუ ლაპარაკი იმაზეც არ არის, რომ ჩვენ მოვითხოვთ პროკურატურისგან, რომ არიქა, მოგვანიჭეთ ჩვენ ეს ტელევიზია - არა. დუმილი 7 წლის განმავლობაში არის სრულიად აუტანელი და დაცინვაა იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც სამართლიანობის დროშას აფრიალებდა. ჩვენ საჩუქარი არ გვინდა, ჩვენ ვთვლით, რომ ეს ტელევიზია ჩვენ გვეკუთვნის სამართლიანად და კანონით,“- განაცხადა დვალმა.

დღის ამბები