ირაკლი ოქრუაშვილი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ასევე იზოლატორში რჩება 20 ივნისის საქმეზე დაკავებული კიდევ 4 მოქალაქე. ყველა მათგანს ბრალს სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ოფიციალურად წარუდგენენ, რის შემდეგაც სასამართლო უკვე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. ოქრუაშვილის ადვოკატის თქმით, გამარჯვებული საქართველოს ლიდერი მის დაკავებას პოლიტიკურ რეპრესიად განიხილავს და „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს.
„ვინაიდან ჯერ ბრალდება არ წარსდგენია ირაკლი ოქრუაშვილს, შესაბამისად, მტკიცებულებებიც არ გვაქვს მწირია ამაზე ინფორმაცია, მხოლოდ ის ვიცით, რა კადრებიც გაავრცელა შს სამინისტრომ. ჩვენი მოთხოვნა იქნება,რომ არანაირი აღკვეთის ღონისძიება არ არის საჭირო იმიტომ, რომ 20 ივნისის შემდეგვე 21 ივნისს დაუკავშირდა გამომძიებელი ირაკლი ოქრუაშვილს წერილი გააგზავნა, რომ მზად ვარ გამოკითხვაზე მოვიდე მაგისტრ მოსამართლესთან. 2 ივლისს გაემგზავრა, გამგზავრებამდე კიდევ მიმართა განცხადებით გამომძიებელს. წავიდა, დაბრუნდა არავისთვის ხელის შეშლა არ ყოფილა ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან, შესაბამისად აღკვეთის ღონისძიების საჭიროება არ არსებობს და მით უმეტეს, მისი პატიმრობაში ყოფნა. ირაკლი ოქრუაშვილი მის დაკავებას უკავშირებს მის პოლიტიკურად გააქტიურებას და უშუალოდ „რუსთავი2“-ის საქმეს,“-ამბობს ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი.